22.07.2019
ამხანაგური მატჩი ლანჩხუთელებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. საზაფხულო პაუზისას პირველი ამხანაგური შეხვედრა გუნდმა 22 ივლისს გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს რეგიონლიგის ბინადარი ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბი "ჩიბათი" ესტუმრა.
დღევანდელ სპარინგ-დაპირისპირებაში თავის მეტოქე ზესტაფონელთა მსგავსად, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ლანჩხუთელებმაც, რომლებიც ტურნირის "ბ" ჯგუფში ასპარეზობდნენ, აღმავლობით ჩაატარეს და საბოლოოდ, სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მოკალათდნენ.
აღსანიშნავია, რომ "ჩიბათის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ ავთანდილ ნარიაშვილი, რომელიც თავის დროზე ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა და 2008 წელს "ზესტაფონთან" ერთად დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასიც მოიგო...
შეხვედრა საინტერესო, საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 3-3 დასრულდა. სტუმართა რიგებში გოლები ვეტერანმა გიგა კვერენჩხილაძემ, ასევე გამოცდილმა ტარიელ კუკულაძემ და ახალბედა გიორგი გოგოხიამ გაიტანეს, ხოლო მასპინძელთაგან თავი გამოიჩინა გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ, რომელმაც "ჰეთ-თრიკის" შესრულება შეძლო...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ა. ფერაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, ვარდოსანიძე, ზაქარაშვილი, ბუბულაშვილი, ბ. ფერაძე, გოგობერიშვილი, ჩხიკვაძე, ბ. ბერაძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: გიორგაძე, ზუზაძე, დვალი, ბურჯანაძე, სამხარაძე, ნასრაძე...
|