Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.07.2019

 

 

 

 

 

 

 

 

დიდი მატჩები: ასე შემოუტრიალა "ზესტაფონმა" "ბრიუგეს"...

 

 

 

 

სულ რამდენიმე დღეში ქართული საფეხბურთო კლუბები მორიგ ევროსათასო კამპანიაში ჩაეთვებიან. ახალი ევროსეზონის მოახლოვებას ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ახალი რეტრისპექტიული რუბრიკა, სახელწოდებით "დიდი მატჩები" მიუძღვნა...

 

დღეს ამ რუბრიკის ფარგლებში "ლელომ" "ზესტაფონის" მიერ 2011 წლის 18 აგვისტოს უეფას ევროპალიგის 2011-2012 წლების გათამაშების პლეი-ოფის რაუნდში გამართულ მატჩზე მოგვითხრო - ამ დღეს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბელგიის მრავალგზის ჩემპიონ "ბრიუგეს” თბილისში უმასპინძლა...

 

ჩვენ კი "ლელოს" პუბლიკაციას, რომელიც მან ზესტაფონელთა და ბრიუგელთა თბილისურ მატჩს მიუძღვნა, უცვლელად გთავაზობთ: "ახლა „ზესტაფონი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს. არადა, იყო დრო, ზემოიმერული კლუბი ევროპაშიც ამბობდა თავის სიტყვას. გია გეგუჩაძისა და გია ჭიაბრიშვილს ფორმაციის „ზესტაფონმა“ რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა ევროტურნირებზე. მათგან ყველაზე გამოსარჩევია 2011 წელს წელს თბილისური ჯახი ბელგიურ „ბრიუგესთან“, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ „ზესტაფონი“ 0:2 - ს აგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა ფრედ, 3:3 მორჩა. 

 

მოკლედ გავიხსენოთ, რა ხდებოდა თამაშამდე იმერელთა ბანაკში. „ზესტაფონი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ორმატჩიან დუელში დამარცხდა ავსტრიულ „შტურმთან“, რასაც გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის წასვლა მოჰყვა. „ბრიუგესთან“ შეხვედრაში ზესტაფონელებს გია ჭიაბრიშვილმა უთავკაცა. ეს უკვე ევროპალიგის პლეი ოფში.

 

ამ შეხვედრაში ძალიან ცუდად იმსაჯა ავსტრიელმა არბიტრმა, ჰარალდ ლეხნერმა. გატარებული თამაშგარე, არდანიშნული თერთმეტმეტრიანი, სხვა ეპიზოდებიც - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო არენაზე“ მაგრად დაიჩაგრა არბიტრის მხრიდან.

 

30-ე წუთზე „ბრიუგე“ უკვე ორი ბურთით იგებდა და სრულ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა. ანგარიში ნიგერიელმა ჯოზეფ აკპალამ გახსნა, ვინც მერე ბრემენის „ვერდერშიც“ ითამაშა, მეორე გოლი კი ისრაელის ნაკრების ლიდერმა, ლიორ რაფაელოვმა შეაგდო.

 

შესვენებაზე გია ჭიაბრიშვილმა ჩვეული მგზნებარებით ისაუბრა ფეხბურთელებთან. მეორე ტაიმში „ზესტაფონმა“ ცეცხლი დაანთო მინდორზე. ვფიქრობთ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რომელიც ოდესმე დაუდგამთ დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო კლუბებს.

 

დიდი შემოტრიალება 62-ე წუთიდან დაიწყო, როცა ნიკა გელაშვილმა შეაგდო. გავიდა სულ რაღაც 4 წუთი და ჯაბა დვალმა ულამაზესი გოლით გაათანაბრა ანგარიში. 73-ე წუთზე „ზესტაფონს“ დასანანი შეცდომა მოუვიდა დაცვაში, რითაც ჰოფკენსმა ისარგებლა და „ბრიუგე“ ისევ დააწინაურა.

 

„ზესტაფონმა“ ძალები ისევ მოიკრიბა, მეტოქის კარს მიაწყდა და გამთანაბრებელი მაინც შეაგდო - 84-ე წუთზე მიზანს ნიკა გელაშვილის დარტყმამ უწია. „ზესტაფონს“ მანამდეც და მერეც ჰქონდა მომენტები, მაგრამ ვერ შეაგდო. საბოლოოდ საბრძოლო ფრე, 3:3.

 

საპასუხო შეხვედრაში „ბრიუგემ“ 2:0 მოიგო, მაგრამ იმ შეხვედრაშიც იყო საკამათო მომენტი - არბიტრმა ჯაბა დვალს ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალა.

 

თბილისური მატჩის შემდეგ კი იმერელთა თავკაცმა, გია ჭიაბრიშვილმა შემდეგი თქვა: „ორი სხვადასხვა ტაიმი ვითამაშეთ. პირველში სუსტად გამოვიყურებოდით, მეორეში კი ვიპოვეთ ჩვენი თამაში და შემოვატრიალეთ მატჩის მსვლელობა. ჩემი დღე მაშინ იქნებოდა, სამი გოლი რომ გაგვეტანა და არცერთი გაგვეშვა. მე დღეს განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა“"...

 

18.08.2011. ”ზესტაფონი” - ”ბრიუგე” (ბელგია) - 3-3

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019