Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.06.2019

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ზღვის ბაზაზე "რეალის" კემპი იხსნება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მადრიდის "რეალის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს...

 

როგორც მოგეხსენებათ, სხვა დიდი კლუბების მსგავსად, მადრიდის "რეალიც" მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს დამწყები და ჭაბუკი ფეხბურთელების სელექციას - ძიების ერთ-ერთი ფორმა კი სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. წელს პირენეელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში ჩვენი ქვეყანაც მოხვდა...

 

კემპის მონაწილე 100-ზე მეტ ბავშვს ექვსი დღის განმავლობაში ორჯერადი ვარჯიშები ჩაუტარდებათ. "რეალის" აკადემიის კემპს 2 ესპანელი მწვრთნელი უთავკაცებს: ხესუს ონრუბია გონსალესისა და რუბენ გარსია როდრიგესი ხელმძღვანელობით, ქართველი მოზარდები მადრიდელთა სათამაშო ფილოსოფიასა და საწვრთნელ მეთოდიკას გაეცნობიან...

 

ჩვენს ერთგულ მკითხველს ემახსოვრება, რომ 2018 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდების, მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო კემპები გაიმართა (ქვემოთ იხილეთ საარქივო ფოტომასალა) და მათ მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელმა ასეულობით ბავშვმა მიიღო...

 

ჩვენს ქვეყანაში ევროპული ფეხბურთის გრანდთა საზაფხულო ბანაკების გამართვის იდეის ავტორობა ორგანიზაცია "თავისუფალ ფეხბურთს" ეკუთვნის. მადრიდელთა კემპის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით ამჯერადაც "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე და პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე არიან დაკავებულნი...

 

მადრიდის "რეალის" საზაფხულო ბანაკის გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველ დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ - გახსნა თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე, პარასკევს, 28 ივნისს, 15:00 საათზეა დაგეგმილი...

 

 

მადრიდის "რეალის" კემპს ჩვენი კლუბის თბილისის ზღვის ბაზა უმასპინძლებს
2018 წლის ივნისი. "ზესტაფონის" ბაზამ მილანის "ინტერის" საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა
2018 წლის 11-16 სექტემბერი. ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო ბანაკიც "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019