13.06.2019
“რეალის“ კემპი თბილისის ზღვის ბაზაზე
მიმდინარე წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მადრიდის "რეალის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს.
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდული კლუბი დამწყები და ჭაბუკი ფეხბურთელების სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს - ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. წელს ესპანელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა...
ჩვენს ერთგულ მკითხველს ემახსოვრება, რომ 2018 წლის ზაფხულში თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდების, მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო კემპები გაიმართა და მათ მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელმა ასეულობით ბავშვმა მიიღო...
რა გასაკვირია, რომ ჩვენი კლუბის ულტრათანამედროვე საფეხბურთო კომპლექსი, რომლის მინდვრებზეც შეკრებებს საქართველოს ნაკრებიც მართავს, ესპანელთა ბანაკის ორგანიზატორებსაც ძალიან მოეწონა და, ბაზის მფლობელებთან შეთანხმების შემდეგ, საზაფხულო კემპის გამართვა სწორედ "ზესტაფონის" ბაზის მწვანე მინდვრებზე გადაწყდა. კემპის ორგანიზებით ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე და პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე არიან დაკავებული...
მადრიდის "რეალის" საზაფხულო ბანაკის მუშაობას ესპანელი მწვრთნელები, ხესუს ონრუბია გონსალესი და რუბენ გარსია როდრიგესი გაუძღვებიან. კემპში დარეგისტრირებული მოზარდებისთვის, პირენეელები თეორიულ და პრაქტიკულ ვარჯიშებს ჩაატარებენ. თბილისის ზღვის ბაზაზე გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობას 5-დან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი მოზარდი მიიღებს...
|