12.06.2019
უხვგოლიანი ფრე პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში
2019 წლის 12 ივნისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის ტურნირის დასკვნითი, მეცხრე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
მეტოქე გუნდები დღევანდელ მატჩამდე ისე მოვიდნენ, რომ სატურნირო ცხრილის პირველ ორ პოზიციაზე ზესტაფონელთა და "ტორპედო-2"-ს ყოფნას, უახლოეს მდევარ წყალტუბოელებთან და ვანელებთან არსებული 6-6-ქულიანი ჰანდიკაპის გათვალისწინებით, აღარაფერი ემუქრებოდა. ორივე გუნდის მატჩისწინა მარაგი 22-22 ქულას შეადგენდა და ბოლო ტურში გასარკვევი მხოლოდ პირველი ეტაპის ნომინალური გამარჯვებულის ვინაობა გახლდათ...
მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-16 წუთისთვის ისინი მეტოქეს ოთხბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ - მე-6 წუთზე ანგარიში აკაკი დვალმა გახსნა, მე-9-ზე გიორგი ხუჯაძემ ქუთაისელთა კარი მეორედ აიღო, მე-15 და მე-16 წუთებზე კი დუბლი შეასრულა გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ, რომელმაც ჯერ 11-მეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი კარგად ითამაშა დამატებაზე...
4-0-ით დაწინაურების შემდეგ, მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალეს და ამისათვის საბოლოოდ მწარედ დაისაჯნენ კიდეც... შესვენებამდე გააქტიურებულმა ქუთაისელებმა ორი ბურთი გაჰქვითეს - 22-ე წუთზე თავი გივი მუკმანიანმა გამოიჩინა, მე-40-ეზე კი თამაზ შარვაშიძემ ანგარიში 4-2 გახადა...
მეორე ტაიმის დებიუტში ირაკლი ჯანჯღავამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ 79-ეზე მასპინძელთა შემტევმა კობა გოგობერიშვილმა ორბურთიანი სტატუს-ქვო აღადგინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთების მსგავსად, ზესტაფონელებმა მეორე ტაიმის დასკვნითი ნაწილიც ჩააგდეს - 90-ე წუთზე თამაზ შარვაშიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ნიკოლოზ ქობულაძემ ქუთათურებს ქულა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოუტანა - 5:5.
შედეგად, საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის საბოლოო ცხრილში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და ზედა დივიზიონში დასაწინაურებლად ბრძოლას უკვე მეორე ეტაპზე, "დასავლეთის ზედა ჯგუფში" განაგრძობს. კონკურენციას კი მას ქუთაისის "ტორპედო-2", ვანის "სულორი", წყალტუბოს "სამგურალი-2", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", წალენჯიხის "სქური", ლანჩხუთის "ჩიბათი", ხელვაჩაურის "მაჭახელა", აბაშის "ზანა" და ბათუმის "დინამო-2" გაუწევენ...
აქვე გეტყვით იმასაც, რომ რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" საუკეთესო გუნდი გაისად ლიგა-4-ში იასპარეზებს. ტურნირი სტარტს აგვისტოს დასაწყისში აიღებს...
|
12.06.2019. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო-2” (ქუთაისი) 5-5 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე (ბუბულაშვილი, 44), ხუჯაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, დვალი (ბ. ფერაძე, 77), გოგობერიშვილი, ბ. ბერაძე (ფანცულაია, 80).
|
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |