09.06.2019
ჭაბუკებმა პირველ ეტაპზე ლიდერობა გაინაღდეს
2019 წლის 8 ივნისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკებს შორის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლოსწინა, რიგით მეცამეტე ტურის მატჩები - ცაგერის სტადიონზე ადგილობრივმა "ხვამლმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა კოლექტივს უმასპინძლა.
სტუმრები ლეჩხუმს გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) ერთპიროვნული ლიდერის რანგში ეწვივნენ, დღევანდელი შეხვედრაც სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი გუნდის სტატუსის შესაბამისად ჩაატარეს და 11 შეხვედრაში მოპოვებული 8 გამარჯვებითა და 3 ფრით, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმეს პირველი ადგილი...
ნორჩმა იმერლებმა მატჩის დაწყებისთანავე შეუტიეს მასპინძელთა კარს და უკვე მე-4 წუთზე გოგა კაპანაძემ დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი და იმერელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ზესტაფონმა" მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა...
პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი ჭაბუკები 15 ივნისს გამართავენ - ცამეტწლამდელთა შორის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო, რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ტურნირის აუტსაიდერს, ჩოხატაურის "ბახმაროს" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ...
|