Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.06.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" "სულორი" ვანში დაამარცხა

 

 

 

 

 

2019 წლის 5 ივნისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ვანის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სულორს" დაუპირისპირდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონლიგის მიმდინარე ტურნირის პირველ შვიდ ტურში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, როგორც "სულორს", ასევე "ზესტაფონს", უკვე მოპოვებული ჰქონდათ მეორე, გადამწყვეტი ეტაპის საგზურები, დღევანდელი შეხვედრა მაინც უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და ვანის სტადიონზე მოსულმა ორივე გუნდის გულშემატკივარმა საკმაოდ საინტერესო მატჩი იხილა...

 

გუნდებმა თამაში საკმაოდ ფრთხილად დაიწყეს - სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი კოლექტივები და უშუალო კონკურენტები შეცდომის დაშვებას ერიდებოდნენ, ამიტომ შეხვედრის პირველი ნახევრის უმეტესი ნაწილი ტერიტორიისა და ინიციატივისათვის შეურიგებელ ბრძოლაში გაილია.

 

ტაიმის დასკვნით ნაწილში ფიზიკურ მზაობაში ზესტაფონელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მათი "აფეთქებაც" სწორედ ბოლო 10 წუთში მოხდა - 36-ე წუთზე, სტუმართა კარგი შეტევისას, ვანელთა საჯარიმოს მისადგომებთან დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ნოდარ გაჩეჩილაძე და უძლიერესი დარტყმით ბურთი "სულორის" კარის "ცხრიანში" გადაგზავნა. 40-ე წუთზე კი კობა გოგობერიშვილმა ზუსტი გადაცემით ვანელთა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა ბაჩო ბერაძე და ამ უკანასკნელმა ანგარიში ორამდე გაზარდა...

 

მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების მიუხედავად, მასპინძლები არ დანებდნენ და მეორე ტაიმში უკან დაწეულ სტუმრებს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს. ვანელები მატჩის გადარჩენას ლამობდნენ, ზესტაფონელები კი კონტრშეტევაზე მასპინძელთა კიდევ ერთხელ გამოჭერას. საბოლოოდ, საფინალო სასტვენამდე გოლი მხოლოდ ერთხელ გავიდა - 76-ე წუთზე ვანელმა ლუკა ჩავჩიძემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

 

პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას "ზესტაფონი" 12 ივნისს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. ეს მატჩი, რომლის შედეგიც ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას გამოავლენს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.

 

 

05.06.2019. ”სულორი” (ვანი) - ”ზესტაფონი” 1-2

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, დვალი (ბუბულაშვილი, 66), გოგობერიშვილი, ბ. ბერაძე (ფანცულაია, 87).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019