Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.05.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრა გოლი "ჩხერიმელას" კარში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 29 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის ტურნირის მეშვიდე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლა.

 

ზემოიმერული კლუბების დაპირისპირება თავიდანვე მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-16 წუთზე ანგარიში ბაჩო ბერაძის ეფექტური დარტყმის შემდეგ გაიხსნა. 21-ე წუთზე თორნიკე ჭურაძემ მეორედ აიღო ხარაგაულელთა კარი, 25-ეზე კობა გოგობერიშვილმა ანგარიში დიდამდე გაზარდა, ხოლო პირველი ტაიმის საბოლოო შედეგი 27-ე წუთზე აკაკი დვალის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა.

 

მეორე ტაიმში შეხვედრა კიდევ უფრო გაიხსნა - მასპინძლები თამაშის მიმდინარეობასაც აკონტროლებდნენ, "ჩხერიმელას" კართან მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოსული პუბლიკა კიდევ ხუთი გატანილი გოლითაც გაახარეს...

 

56-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე ჭურაძის კარგი გარღვევისა და სტუმართა საჯარიმოში მისივე ჩაწოდების შემდეგ, გოლი შოთა ფანცულაიამ გაიტანა, 60-ეზე კი შოთა ფანცულაიამ დუბლი შეასრულა, თუმცა ამ ჯერზე ზუსტი გადაცემით ის ბესო ფერაძემ მოამარაგა...

 

ფეროელებმა თამაშის ტემპი არც ამის შემდეგ დააგდეს და 69-ე წუთზე "ჩხერიმელას" კარის ბადე შეცვლაზე შემოსული ბესო ფერაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ შეირხა, 81-ეზე მეორედ თავი უკვე აკაკი დვალმა გამოიჩინა, ხოლო წერტილი სტუმართა რბევას ისევ ბესო ფერაძემ დაუსვა, რომელმაც 90-ე წუთზე ზუსტად შეასრულებული საჯარიმო დარტყმით თავის გუნდის შემადგენლობაში კიდევ ერთი დუბლი შეასრულა და დღევანდელი შეხვედრის საბოლოო შედეგი 9-0 დააფიქსირა.

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 5 ივნისს გამართავს - ამ დღეს ზემოიმერლები ვანის "სულორს" ესტუმრებიან ...

 

 

29.05.2019. ”ზესტაფონი” - ”ჩხერიმელა” (ხარაგაული) 9-0

"ზესტაფონი": გიორგაძე (ა. ფერაძე, 61), ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, სამხარაძე, ბუბულაშვილი, გაჩეჩილაძე (ბ. ფერაძე, 41), დვალი, ბ. ბერაძე, გოგობერიშვილი (ფანცულაია, 37).

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019