27 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეთერთმეტე ტურის მატჩები - ქუთაისის საფეხბურთო სკოლა "კოლხიდას" სტადიონზე ადგილობრივი "ქუთაისის" გუნდმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა.
ქუთათურთა და ზესტაფონელთა დღევანდელ შეხვედრამდე სატურნირო ცხრილის სათავეში 20 ქულით სწორედ მასპინძლები იმყოფებოდნენ. რაც შეეხება სტუმრებს, მათ აქტივში 17 ქულა და მეტოქესთან შედარებით 2-ით ნაკლები გამართული მატჩი გახლდათ. რა გასაკვირია, რომ გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების ლიდერთა უშუალო დაპირისპირება დაძაბულად, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში ზესტაფონელმა საბა კვინიკაძემ გახსნა... რაც შეეხება მასპინძლებს, მათ წონასწორობის აღდგენა 11-მეტრიანი დარტყმით მატჩის დამთავრებამდე ორიოდე წუთით ადრე მოახერხეს. საბოლოოდ, ლიდერთა დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა...