Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.05.2019

 

 

 

 

 

 

 

 

საბრძოლო ფრე და მეორე ეტაპის საგზური

 

 

 

 

 

2019 წლის 24 მაისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ბაღდათის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "საირმეს" დაუპირისპირდნენ.

 

შარშანდელის მსგავსად, ბაღდათის ცენტრალური სტადიონის მოედნის საფარის სადღეისო მდგომარეობაც ვერანაირად ვერ შეესაბამება პროფესიული ფეხბურთის ელემენტარულ მოთხოვნებს და ვერ აკმაყოფილებს სფფ-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს. მეტიც, ასეთი "ოღრო-ჩოღრო" მინდვრის პირობებში არსებობს ფეხბურთელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის დიდი საშიშროება...

 

საინტერესოა, რომ "ზესტაფონს", რეგიონული ლიგის მიმდინარე ტურნირის მეექვსე ტურში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, მატჩამდე უკვე მოპოვებული ჰქონდა მეორე, გადამწყვეტი ეტაპის საგზური და ამდენად, დღევანდელ შეხვედრაში მას თითქოს ნაკლები მოტივაცია უნდა ჰქონოდა. ამავე დროს, მასპინძლები ისევ ინარჩუნებენ პირველ ხუთეულში მოხვედრის თეორიულ შანსს. აქედან გამომდინარე, ტრავმების გამო ბაღდათში ისედაც შეთხელებული შემადგენლობით ჩასულ სტუმრებს თავს დიდი ბრძოლა გადახდათ...

 

მატჩი ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით და მასპინძელთა კართან ერთმანეთის მიყოლებით შექმნილი საგოლე მომენტებით დაიწყო - თავიდან სტუმართა რამდენიმე სახიფათო იერიშს ბაღდათელთა გოლკიპერი ავთანდილ ნედელკინი გაუმკლავდა, მერე კი კობა გოგობერიშვილის, აკაკი დვალისა და თემურ ჭუმბურიძის დარტყმების შემდეგ ბურთი "საირმეს" კარის ძელმა მოიგერია...

 

მომენტების განიავების გამო, მარგველები ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს (38-ე წუთი), შემდეგ კი მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში (53-ე წუთი) ორჯერ დაისაჯნენ - აღსანიშნავია ის, რომ ბაღდათელთა ორივე საგოლე შეტევა ზუსტი დარტყმებით "საირმეს" ფორვარდმა გიორგი ბულისკერიამ დააგვირგვინა...

 

ანგარიშში ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩენის შემდეგ, სტუმრები გააქტიურდნენ და დროის მოკლე მონაკვეთში (65-ე და 70-ე წუთები) "ზესტაფონის" შემტევმა კობა გოგობერიშვილმა ძალიან ლამაზი გოლებით ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. თუმცა, ბაღდათელებს გამარჯვება ძალიან სწყუროდათ და 83-ე წუთზე, გიორგი ბულისკერიას ჰეტ-თრიკის წყალობით, მასპინძლები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ...

 

მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების მიუხედავად, ზესტაფონელები არ დანებდნენ და ბოლო წუთებში "საირმეს" კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. ზუგდიდელმა არბიტრმა ვახტანგ ბასილაიამ მატჩისათვის განკუთვნილ 90-ს ოთხი წუთიც დაუმატა და საფინალო სასტვენამდე ზუსტად ერთი წუთით ადრე სტუმართა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-3.

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 29 მაისს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლებენ. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.

 

24.05.2019. ”საირმე” (ბაღდათი) - ”ზესტაფონი” 3-3

"ზესტაფონი": გიორგაძე, სვიანაძე, ვარდოსანიძე, ჭუმბურიძე (ჭურაძე, 45), თ. ბერაძე, ჩხიკვაძე, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი, დვალი, გოგობერიშვილი.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019