16.05.2019
"ლელოს" პუბლიკაცია
გუშინ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და მის გარშემო ამ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. ჩვენც ამ პუბლიკაციის ყველაზე საინტერესო ნაწილს გთავაზობთ:
"2011 წლის 14 მაისი “ზესტაფონისთვის” უმნიშვნელოვანესი თარიღია - ზუსტად 8 წლის წინ, გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა “დავით აბაშიძეზე” “სამტრედია” 4:1 (გოლები ნიკა გელაშვილმა, ჯაბა დვალმა, გიორგი ონიანმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს) დაამარცხა და პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” 2004 წლის 18 ივნისს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აქციონერთა ინიციატივით შეიქმნა და იმავე წელს საფეხბურთო კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაუშვეს...
ბექგრაუნდი
საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ბევრს აკეთებდა: გარემონტდა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, ცენტრალური სტადიონის მინდორზე მოეწყო უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, სტადიონის ტრიბუნებზე დამონტაჟდა პერსონალური სავარძლები, ამოქმედდა განათების უახლესი სისტემა, აშენდა კლუბის ორი ბაზა - ზესტაფონსა და თბილისის ზღვაზე...
არსებობის პირველ 6 წელიწადში იმერული კლუბი ზედიზედ ოთხჯერ (2005-08 წლებში) დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალში გავიდა. 2007/08 და 2009/10 წლების სეზონებში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, ხოლო 2008 წლის 16 მაისს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ (“ყაზბეგის”) თასს დაეუფლა.
მარგველთა უდიდესი გამარჯვება კი მეშვიდე სეზონმა მოიტანა - 2011 წლის 14 მაისს, პირველად კლუბის ისტორიაში, ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. მომდევნო წელს გუნდს ტიტულის შენარჩუნება არ გასჭირვებია და მეორედ დაეუფლა უძლიერესის ტიტულს. ამას გარდა, “ზესტაფონს” არც სუპერთასი მოჰკლებია - 2011 და 2012 წლებში ზედიზედ მოიგო ეს ჯილდო...
ერთი სიტყვით, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ქართული ფეხბურთის სამსახურში იდგა. შემდეგ კლუბს მსგავსი შედეგი აღარ გაუმეორებია, 2015 წლის 19 აპრილს კი, გორის “დილასთან” მატჩზე არგამოცხადების გამო, ჯერ დასაჯეს, შემდეგ კი ეროვნული ლიგიდან მოკვეთეს და 2 წლის განმავლობაში ქაღალდზეღა არსებობდა.
“ზესტაფონი” 2016 წელს აღადგინეს. გუნდი დღეს რეგიონული ლიგის დასავლეთ ზონაში გამოდის... ეს გუნდი და ზესტაფონის სტადიონის სავსე ტრიბუნები ჩვენს მთავარ საფეხბურთო ლიგას ძალიან დააკლდა.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ “ზესტაფონის” აღორძინება 19 მაისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად გადაიქცა. ზოგიერთი კანდიდატი ზესტაფონელ გულშემატკივრებს (და ამავდროულად - ამომრჩევლებს) ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში კლუბის სპონსორთან მოლაპარაკებას დაიწყებს...
დაკარგული შანსი
...ამის შანსი 2015 წელს იყო, მაგრამ მაშინ ზესტაფონში არ ინებეს ის, რაც იმავე წელს სამტრედიაში ხდებოდა - ინფრასტრუქტურას ქალაქი ინახავდა, გუნდს კი სპონსორი პატრონობდა.
“2015 წელს ზესტაფონში არ ისურვეს ის, რაც სამტრედიაში რეალურად ხდებოდა - იქ ფეხბურთის თანადგომა გადაწყვიტეს და მოახერხეს კიდეც. ჩვენთან კი მოიმიზეზეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურა კერძო კლუბს ვერ დაეხმარებოდა. ლაპარაკი იყო ფუნქციების გაყოფაზე, რომ კლუბს ინვესტორი შეინახავდა, ოღონდ, მუნიციპალიტეტს საკუთარ თავზე აეღო ინფრასტრუქტურის მოვლა ან თუნდაც კომუნალური გადასახადების გადახდა.
ეს რომ არ ისურვეს, ამით ბოლო შანსი დაიკარგა. თუკი ინვესტორის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, დიდი ცვლილების იმედი არც გვაქვს. არადა, ფაქტია, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტორი ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ილია კოკაიას და “ზესტაფონის” დაბრუნება კი არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ, ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
ფაქტია, რომ 2015 წელს ვიღაცას არ აწყობდა “ზესტაფონის” დონის კლუბი, რადგან აქ ხელს ვერავინ აფათურებდა. მაშინ ახალი დაწყებული იყო ლაპარაკი ფეხბურთის სახელმწიფო დაფინანსებაზე, ამ თანხების გაკონტროლებისა და საკუთარ ხელში ჩაგდების მიზნით, ზესტაფონში ფეხბურთი გაანადგურეს”, - ამბობს კლუბის მენეჯერი სერგო ფუტკარაძე"...
|