Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.05.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" დერბი ისევ დიდი ანგარიშით მოიგო

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 15 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველი ეტაპის მორიგი, რიგით მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" თანაქალაქელ საფეხბურთო კლუბ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა.

 

შეხვედრის სადებიუტო ნაწილში მასპინძლები ზედმეტად თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და ამისათვის სამართლიანად დაისაჯნენ კიდეც - "მარგვეთი-2006"-ს სწრაფი კონტრიერიშისას შეცდომა დაუშვა "ზესტაფონის" ერთ-ერთმა მცველმა და მეკარე ალექსანდრე გიორგაძესთან პირისპირ გასულმა ექს-"ზესტაფონელმა" გოგა არაბიძემ წინ სტუმართა გუნდი გაიყვანა...

 

მასპინძლებმა თამაშის დალაგება კარგა ხანს ვერ მოახერხეს, თუმცა ისინი აქტიურობდნენ და თანდათანობით სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. 38-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმართა მცველებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს უხერხულად დააგდეს და ეულად მყოფმა "ზესტაფონის" კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ სტუმართა გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა...

 

ანგარიშის გათანაბრებიდან ზუსტად ერთ წუთში წინ უკვე მასპინძლები გავიდნენ - სტუმრებმა ბურთი საუთარი საჯარიმოს დაკარგეს, რასაც "ზესტაფონის" სწრაფი შეტევა და კობა გოგობერიშვილის გოლი მოჰყვა. 42-ე წუთზე კი კობა გოგობერიშვილმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 3-1 გახადა. ტაიმიც სწორედ ასე დასრულდა...

 

მეორე ტაიმის დებიუტში, კერძოდ 50-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიშში საკუთარი უპირატესობა დიდამდე გაზარდეს - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული შეტევისა და კობა გოგობერიშვილის საჯარიმოში გადაცემის შემდეგ "მარგვეთი-2006"-ს კარში ბურთი ბესო ფერაძემ გაიტანა...

 

მატჩის ბოლომდე მასპინძლებმა "მარგვეთი-2006"-ს კართან კიდევ მრავალი მომენტი შექმნეს და სტუმართა კარი კიდევ 3-ჯერ აიღეს - 62-ე წუთზე გოლი აკაკი დვალმა გაიტანა, 70-ეზე გიორგი სამხარაძემ, ხოლო 85-ეზე გიორგი ფანცულაიამ. რაც შეეხება სტუმრებს, 86-ე წუთზე ნიკა ხარაიშვილის მიერ გატანილი გოლით მათ ანგარიშის ოდნავ შემცირება მოახერხეს.

 

შედეგად, მატჩი "ზესტაფონის" ლამაზი გამარჯვებით 7-2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვანის "სულორთან" ერთად, ჩვენი გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს და სადღეისოდ საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება.

 

შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 22 მაისს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" ბაღდათს ეწვევა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "საირმეს" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, "ზესტაფონი", პირველი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მიმდინარე ჩემპიონატის გადამწყვეტ ფაზაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს...

 

 

15.05.2019. ”ზესტაფონი” - ”მარგვეთი-2006” (ზესტ.) 7-2

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, სვიანაძე, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი (დვალი, 36), ბ. ბერაძე (თ. ბერაძე, 75), გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე (ფანცულაია, 65).

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019