08.05.2019
სამქულიანი სტუმრობა ხაშურში
2019 წლის 8 მაისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეოთხე ტურის ხაშურში გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "ივერიის" კოლექტივს დაუპირისპირდნენ.
მატჩის სადებიუტო ნაწილი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-16 წუთზე, შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბესო ფერაძის კარგი გადაცემის შემდეგ, სტუმართა თავდამსხმელი ბაჩო ბერაძემ ხაშურელთა საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში გადაგზავნა...
33-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - "ივერიის" საჯარიმოში შეჭრილი კობა გოგობერიშვილი მასპინძელთა მცველებმა აკრძალული ხერხით შეაჩერეს და 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლი იმერელთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ გაიტანა. ტაიმიც სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა...
შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის მსვლელობას ისევ ზესტაფონელები აკონტროლებდნენ და 64-ე წუთზე ანგარიში დიდამდე გაიხარდა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ხაშურელთა საჯარიმოში შეჭრილმა კობა გოგობერიშვილმა ზუსტი გადაცემით შემტევი ბესო ფერაძე მოამარაგა და ამ უკანასნელის დარტყმული კარის ბადეში გაეხვია...
მატჩის ბოლო 90-ე წუთზე ხაშურელთა კართან დაინიშნა კუთხური, რომლის ჩამოწოდებაც საკუთარ თავზე მარგველთა გამოცდილმა მცველმა დავით ჩხიკვაძემ აიღო, საჯარიმოში კი ყველას მისმა თანაგუნდელმა კობა გოგობერიშვილმა დაასწრო და ზუსტი თავურით დღევანდელი მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - "ზესტაფონის" გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.
შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 15 მაისს გამართავს - ეროვნული პირველობის მორიგი, რიგით მეხუთეტურის შეხვედრაში "ზესტაფონი" თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
|
08.05.2019. ”ივერია” (ხაშური) - ”ზესტაფონი” 0-4 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, სვიანაძე (აბჟანდაძე, 46), ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, სამხარაძე, ბუბულაშვილი (ფანცულაია, 77), გაჩეჩილაძე, ბ. ფერაძე, გოგობერიშვილი, ბ. ბერაძე (ჭუმბურიძე, 86).
|
|