5 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეშვიდე ტურის მატჩები - ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ადგილობრივი "ბახმაროს" აკადემიის გუნდმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა.
სტუმრები ჩოხატაურს გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის რანგში ეწვივნენ, დღევანდელი შეხვედრა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი გუნდის სტატუსის შესაბამისად ჩაატარეს და ექვს შეხვედრაში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებით კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერის პოზიცია...
ისევ, როგორც წინა შეხვედრებში, ნორჩმა იმერლებმა მატჩის საყურებლად მოსულ გულშემატკივარს ლაღი, კომპინაციური ფეხბურთი შესთავაზეს, გურულებთან მატჩის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხეს. გატანილი გოლებით თავი ნიკა ღარიშვილმა (2), გაგა ფუტკარაძემ (2), სანდრო კვანტიძემ და გოგა კაპანაძემ გამოიჩინეს...