02.05.2019
ცამეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება
1 მაისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეექვსე ტურის მატჩები - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ცაგერის "ხვამლს" უმასპინძლა.
ლეჩხუმელებთან შეხვედრა გაიმართა ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც, ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონის" წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...
რაც შეეხება ცაგერელებთან გუშინდელ დაპირისპირებას, სასიამოვნოა, რომ ნორჩმა იმერლებმა მატჩის საყურებლად მოსულ გულშემატკივარს კომპინაციური ფეხბურთი შესთავაზეს, "ხვამლთან" შეხვედრის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლებით თავი ბექა ლაბაძემ, სანდრო კვანტიძემ, ნიკა ღარიშვილმა, გაგა ქურცაძემ და გიორგი ჭულუხაძემ გამოიჩინეს...
|