20.04.2019
ცამეტწლამდელთა ფრე "ქუთაისთან"
20 აპრილს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მესამე ტურის მატჩები - - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ქუთაისს" უმასპინძლა.
ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ქუთათურებთან შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც ამ რამდენიმე წლის წინ უსაფრთხოების კუთხით უეფას მიერ გამკაცრებული მოთხოვნების გამო აღარ ტარდებოდა სფფ-ს მიერ ორგანიზებული ოფიციალური შეხვედრები. მას შემდეგ არენაზე განხორციელდა სათამაშო მოედნის ზომების შემცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები და მოედანზე შესაძლებელია ბავშვთა და ჭაბუკთა ტურნირების მატჩების გამართვა...
შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონის" წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...
რაც შეეხება დღევანდელ ზესტაფონურ-ქუთაისურ დაპირისპირებას, ის დაძაბულ ბრძოლაში გაილია და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლით თავი ტატო ცხადაძემ გამოიჩინა...
|