Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.04.2019

 

 

 

 

 

 

 

 

1/16-ფინალში ეროვნული ლიგა-2-ს ლიდერის წინააღმდეგ

 

 

 

 

 

17 აპრილს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის მატჩს გამართავს - ზეოიმერლები CrystalBet ეროვნული ლიგა-2-ს ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის "მერანს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელები მეცამეტედ მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ წინა 12 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების სეზონის გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ...

 

სულ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” სადღეისოდ გამართული აქვს 75 მატჩი, რომელთაგან 44 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 16 ფრედ, 15-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ; ბურთების სხვაობაა 141-58 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქეს - როგორც უკვე ვიუწყებოდით, თბილისის "მერანი" (შარშან ეს გუნდი ასევე ლიგა-2-ში, ოღონდ "ნორჩი დინამოს" სახელით ასპარეზობდა) ეროვნული ჩემპიონატის CrystalBet ლიგა-2-ში ასპარეზობს და სადღეისოდ გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში.

 

თბილისური გუნდი მთლიანად გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მის რიგებში ახლო წარსულში მოწინავე ქართულ კლუბებსა და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოასპარეზე მრავალი ფეხბურთელი შეგიძლიათ იხილოთ. "მერანის" ღირსებას გოგი ფიფია, დაჩი ფოფხაძე, ლევან შარიქაძე, გიორგი კახელიშვილი, რავაზ თევდორაძე, ბექა შეყილაძე, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი დათუნაიშვილი, დავით ბოლქვაძე, გივი ქარქუზაშვილი, რევაზ გეწაძე და იაგო დეისაძე იცავენ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისელებთან სათასო დაპირისპირება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 17 აპრილს გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

 

თასის მეთექვსმეტედფინალში "ზესტაფონის" მეტოქე თბილისის "მერანი" (2018 წლის ფოტო)
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019