13.04.2019
წარმატებული ვიზიტი ხონში
2019 წლის 13 აპრილს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გამართა. ხონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ რეგიონული ლიგის დასავლეთის "ა" ჯგუფის მეორე ტურის მარგველები ადგილობრივი "იმერეთის" მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
მატჩის სადებიუტო ნაწილში ზესტაფონელებმა ხონელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და უკვე მე-11 წუთზე, შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბესო ფერაძის კარგი გადაცემის შემდეგ, ყველას სტუმართა მცველმა გიორგი ხუჯაძემ დაასწრო და ზუსტი დარტყმით ბურთი ხონელთა კარის ბადეში გადაგზავნა...
24-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - ლაშა ბუბულაშვილის სოლო-რეიდი მასპინძელთა მცველებმა აკრძალული ხერხით შეაჩერეს და 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლი ბაჩო ბერაძემ გაიტანა. ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურების შემდეგ კი, სტუმრები ნაადრევად დამშვიდდნენ და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - 36-ე წუთზე პენალტი უკვე მარგველთა კარში დაინიშნა და "იმერეთმა" მატჩს ინტრიგა დაუბრუნა.
შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის მსვლელობას ისევ ზესტაფონელები აკონტროლებდნენ, თუმცა წყალტუბოელებთან ამ რამდენიმე დღის წინ გამართული დაპირისპირების მსგავსად, შეტევის დაგვირგვინების ფაზაში ისევ ბევრს სცოდავდნენ და სახიფათო მომენტებს ერთმანეთის მიყოლებით ანიავებდნენ...
თუმცა, მატჩის ბოლო 90-ე წუთზე სტუმართა მორიგი შეტევისას კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის მონადირება ახალგაზრდა ბესო ფერაძემ მოახერხა და მისმა თანაგუნდელმა ლაშა ბუბულაშვილმა დღევანდელი მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - "ზესტაფონის" რიგით მეორე გამარჯვება ანგარიშით 3-1.
შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 17 აპრილს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების 1/16-ფინალურ სტადიის შეხვედრაში "ზესტაფონი" CrystalBet ეროვნული ლიგა-2ის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს (მატჩი 16:00 საათზე დაიწყება).
|
13.04.2019. ”იმერეთი-2” (ხონი) - ”ზესტაფონი” 1-3 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე (სამხარაძე, 46), ჩხიკვაძე, ბუბულაშვილი, გაჩეჩილაძე, დვალი (ფანცულაია, 69), ბ. ფერაძე, გოგობერიშვილი (სხილაძე, 80), ბ. ბერაძე.
|
|