Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" თასიდან მესამელიგელი დაითხოვა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 28 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების 1/32-ფინალური რაუნდის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მესამელიგელ ხობის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" უმასპინძლა.

 

თასის გათამაშების მესამე სტადიაზე ზესტაფონელთა მეტოქე ეროვნული ლიგა-3-ს მიმდინარე გათამაშების წარმომადგენელი ხობის "კოლხეთი" გახლდათ. მეგრულ გუნდში დღესდღეობით რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი (გიგა ამბროლაძე, ირაკლი ჭანკვეტაძე, ლევან ვართაგავა, ილია ვეკუა, მანუჩარ ლატარია, ლაშა მეფიშვილი, ბადრი ლოლუა და ა.შ.) ასპარეზობს...

 

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა - გუნდები მოედნის თვითოეული მეტრისათვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ და ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა და პირველი ტაიმი ლოგიკური ანგარიშით 0-0 დასრულდა.

 

რაც შეეხება იმერულ-მეგრული დაპირისპირების მეორე ნახევარს, ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელთა უპირატესობა გამოიკვეთა - მასპინძლები ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და მეტოქის კარის სიახლოვეს ხიფათსაც მეტაც ქმნიდნენ. სტუმრები კი აქცენტს კონტრშეტევაზე აკეთებდნენ, თუმცა მარგველთა დაცვის ხაზის საიმედო თამაშის გათვალისწინებით ამას განსაკუთრებული წარმატების გარეშე აკეთებდნენ...

 

ანგარიში შეხვედრის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე, 77-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევისას ხობელთა საჯარიმოში ბესო ფერაძემ იაქტიურა, რის შედეგადაც შეიქმნა მცირე არეულობა, რომელშიც ყველაზე უკეთ ზესტაფონელთა ნახევარმცველი შოთა ვარდოსანიძე გაერკვა და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა ...

 

თამაში მარგველთა კარნახით გაგრძელდა და 89-ე წუთზე მათი უპირატესობა ორამდე გაიზარდა - თორნიკე ჭურაძემ მარჯვენა ფლანგზე მშვენიერი სოლო-რეიდი განახორციელა და სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა საგოლე გადაცემით შეცვლაზე შემოსული 17 წლის ნახევარმცველი შოთა ფანცულაია მოამარაგა. ამ უკანასკნელმაც ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა...

 

მატჩის დასკვნით ნაწილში "კოლხეთის" ფეხბურთელებმა მასპინძელთა კართან ერთგვარი შტურმის განხორციელება სცადეს, თუმცა პრესტიჟის გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და ზესტაფონელთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა ორი ლიგით ზემოთ მოასპარეზე ოპონენტი ანგარიშით 2-0 დაამარცხა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების 1/16-ფინალური სტადიის საგზური დამსახურებულად მოიპოვა...

 

 

28.03.2019. ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი” (ხობი) 2-0

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე, სამხარაძე (ბუბულაშვილი, 74), ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, ნ. გაჩეჩილაძე, დვალი (ფანცულაია, 65), ბ. ფერაძე (თ. ბერაძე, 87), ბ. ბერაძე.

დაწვრილებით:

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019