Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

დრამატული სათასო დაპირისპირება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 24 მარტს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" უმასპინძლა.

 

თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონელთა მეტოქე ეროვნული ლიგა-4-ს წარმომადგენელი კოლექტივი გახლდათ. დღესდღეობით თბილისელთა შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი (ზაალ ელიავა, ანზორ კალაძე, ლაშა ქებაძე და ა.შ.) ასპარეზობს...

 

დაპირისპირება ქვედალიგელ მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო - მატჩის საწყის წუთებში სტუმრებს სასტარტო მღელვარება აშკარად ეტყობოდათ, ბურთს უფრო მეტად მასპინძლები აკონტროლებდნენ და თამაში ძირითადად მოედნის თბილისელთა ნახევარზე მიმდინარეობდა...

 

"ვარკეთილმა" სიტუაცია ტაიმის შუაწელისკენ გამოასწორა. უფრო გამოცდილი სტუმრები თანდათანობით ბურთსა და ტერიტორიას დაეუფლნენ და 24-ე წუთზე საკუთარი უპირატესობის გატანილ გოლში ასახვაც მოახერხეს - ზემოიმერელთა კართან კუთხური დაინიშნა, თბილისელებმა საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდეს და ზუსტი თავურით ანგარიში გიორგი ბუნტურმა გახსნა...

 

ზესტაფონელთა ახალგაზრდული კოლექტივი გონს მალევე მოეგო და ტაიმის დასკვნით მონაკვეთში სტუმართა კართან რამდენიმე კარგი იერიში განახორციელა. მარგველთა აქტიურობამ შედეგი 42-ე წუთზე გამოიღო - ამჯერად კუთხური უკვე სტუმართა კართან დაინიშნა და ნოდარ გაჩეჩილაძის ჩაწოდებულს ზუსტი თავურით აკაკი დვალი გამოეხმაურა....

 

შეხვედრის მეორე ნახევარი საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა - ზესტაფონელებიც და თბილისელებიც ბედს შეტევაში ეძიებდნენ და მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ. ამის მიუხედავად, თამაშის ასეთმა მიმდინარეობამ წარმატება არცერთ მხარეს არ მოუტანა და შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა.

 

დღევანდელი მატჩის არბიტრმა ბექა კუნჭულიამ დამატებითი დრო დანიშნა. მატჩის ძირითადი 90 წუთის მსგავსად, ორივე დამატებული თხუთმეთწუთიანი ტაიმიც გახსნილი ფეხბურთის თანხლებით, ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენა ისევ ვერ მოხერხდა...

 

საბოლოოდ, შეხვედრის ძირითადი და დამატებული დრო ფრედ 1-1 დასრულდა და დღევანდელ ზესტაფონურ-თბილისურ დუელში გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა 11-მეტრიანების სერია. აქ კი მატჩის მთავარი გმირის წოდება იმერელთა გოლკიპერმა ალექსანდრე გიორგაძემ დაისაკუთრა. ზესტაფონელთა კარის დარაჯმა "ვარკეთილის" ფეხბურთელთა მიერ შესრულებული 2 პენალტის მოგერიება მოახერხა.

 

რაც შეეხება მასპინძლებს, მათ ოთხივე შესრულებული 11-მეტრიანის გოლად ქცევა (ბაჩო ბერაძე, ნოდარ გაჩეჩილაძე, შოთა ვარდოსანიძე და აკაკი დვალი) მოახერხეს და საბოლოოდ, უფრო ზედა ლიგაში მოასპარეზე ოპონენტი პენალტების სერიაში ანგარიშით 4-3 დაამარცხეს.

 

შემდეგ მატჩს ზესტაფონელები 28 მარტს გამართავენ - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXX გათამაშების მესამე ეტაპის (1/32-ფინალური სტადია) შეხვედრაში "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის წარმომადგენელ ხობის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს (მატჩი 15:00 საათზე დაიწყება).

 

24.03.2019. ”ზესტაფონი” - ”ვარკეთილი ” (თბილისი) 1-1; პენალტების სერია 4-3

"ზესტაფონი": გიორგაძე, სამხარაძე, ვარდოსანიძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი (აბჟანდაძე, 75), ფანცულაია (სხილაძე, 35), ბ. ფერაძე (თ. ბერაძე, 85), დვალი, ბ. ბერაძე.

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019