Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა სათასო ისტორიის შესახებ

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 24 მარტს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ეგიდით მორიგ მატჩს გამართავს - მიმდინარე ტურნირის მეორე ეტაპის შეხვედრაში ზეოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლებენ.

 

უნდა მოგახსენოთ, რომ ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში მეცამეტედ მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ წინა 12 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების სეზონის გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ შვიდ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებას, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალური, 2-ჯერ მეოთხედფინალური და 4-ჯერ უფრო ადრეული სტადიაზე გამოეთიშა...

 

სადღეისოდ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 73 მატჩი, რომელთაგან 43 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 15 დასრულდა ფრედ, 15-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ; ბურთების სხვაობაა 138-57 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.

 

ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში იმერლებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. ასევე 4 დაპირისპირებას ითვლის მარგველთა სათასო დაპირისპირებათა ისტორია ბათუმის "დინამოსთან", იმ განსხვავებით, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი), თბილისის "ამერთან", და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).

 

აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო გრიგოლ იმედაძეს, ნიკა კვასხვაძესა და ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 6-6-ჯერ აქვთ შერხეული. "ზესტაფონის" შემადგენლობაში დღესდღეობით მოასპარეზე ფეხბურთელთა შორის კი ყველაზე მეტი (5) გოლი ბაჩო ბერაძის ანგარიშზეა.

 

რაც შეეხება კვირას, 24 მარტს, "დავით აბაშიძეზე" გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქეს - როგორც უკვე ვიუწყებოდით, "ვარკეთილი" ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ში ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ მის რიგებში უმაღლესლიგაგამოვლილი რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი (ზაალ ელიავა, ანზორ კალაძე, ლაშა ქებაძე და ა.შ.) ასპარეზობს. და ბოლოს, მატჩი 15:00 საათზე დაიწყება...

 

 

16.05.2008. სწორედ ამ დღეს კლუბის ისტორიაში პირველად "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასს დაეუფლა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019