Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.03.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" თასის პირველი ეტაპი დაძლია

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 15 მარტს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს XXX ეროვნული თასის გათამაშების პირველი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშება ზესტაფონელებმა ამბროლაურის “რაჭასთან“ გასვლით შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით დაიწყეს. შედეგად, სატურნირო თვალსაზრისით, ქუთაისელებთან დღევანდელ დაპირისპირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა...

 

მატჩი მასპინძელთა გუნდისა და მისი ქომაგისათვის მოულოდნელად დაიწყო - ქუთაისელთა პირველივე შეტევა ზესტაფონელთა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევითა და მათ კარში დანიშნული პენალტით დასრულდა. 11-მეტრიან ნიშნულთან სტუმართა შემტევი თამაზ შარვაშიძე მივიდა, თუმცა ბურთი ზემოიმერელთა გოლკიპერის ალექსანდრე გიორგაძის კარს ააცილა...

 

"ზესტაფონის" პასუხმა არ დააყოვნა. შეხვედრის მე-12 წუთზე ქუთათურთა ნახევარზე დაინიშნა ჯარიმა, რომლის შესრულებაც თავის თავზე გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აიღო, ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი ყველას მასპინძელთა ნახევარმცველმა აკაკი დვალმა დაასწრო და თავით ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა...

 

მატჩი ზესტაფონელთა შეტევების აკომპანემენტით გაგრძელდა და მათი აქტიურობის შედეგად 25 წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - "ბოლო იმედის ჯარიმის" გამო მოედნიდან ტორპედოელი ვახტანგ ბოჭორიშვილი იქნა გაძევებული. შესვენებამდე, მხარეთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა - 1-0.

 

მეორე ნახევრის სადებიუტო ნაწილში ქუთაისელები კი გააქტიურდნენ, თუმცა ზესტაფონელები მეტოქეს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ტაიმის მესამედის მიწურულს ანგარიში უკვე 3-0 გახლდათ - 58-ე წუთზე თავი ბაჩო ბერაძემ გამოიჩინა, ხოლო 59-ეზე თავის გოლი ზემოიმერელთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემა გაიტანა.

 

ქუთაისელთა ახალგაზრდული გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშში დიდი სხვაობით ჩამორჩენის მიუხედავად, მათ ბევრი იბრძოლეს და მასპინძელთა დაცვის ხაზს სამუშაოც მრავლად გაუჩინეს. საბოლოოდ, სტუმართა გუნდის გარჯა დაფასდა და 69-ე წუთზე თამაზ შარვაშიძემ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.

 

კაცნაკლულ სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი მიეცათ და მათ წინმოუხედავად შეტევაში წასვლა სცადეს. რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში მასპინძლებმა ქუთაისელთა კართან რამდენიმე ძალიან მწვავე შეტევა განახორციელეს და საბოლოოდ ანგარიშში სამბურთიანი სხვაობა ისევ აღადგინეს - მარგველთა სწრაფი კონტრშეტევა ნოდარ გაჩეჩილაძის საგოლე გადაცემითა და აკაკი დვალის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 4-1.

 

მეორე სათასო ეტაპის შეხვედრას ზემოიმერლები 24 მარტს გამართავენ. ზესტაფონელთა მეტოქის ვინაობა და მატჩის გამართვის ადგილი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 21 მარტს გასამართი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა...

 

 

15.03.20198. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო-2” (ქუთაისი) 4-1

"ზესტაფონი": გიორგაძე, სამხარაძე, ჭურაძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, ნ. გაჩეჩილაძე, სხილაძე (ვარდოსანიძე, 72), ბუბულაშვილი, ფანცულაია (აბჟანდაძე, 82), დვალი, ბ. ბერაძე (თ. ბერაძე, 87).

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019