19.02.2019
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა
19 თებერვალს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების ჯგუფური ტურნირის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები გაიმართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქუთაისის "ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ჯგუფში პირველობა და "დასავლეთის თასის" გათამაშების ნახევარფინალური სტადიიის საგზური ტურნირის წინა ორ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ვადაზე ადრე გაინაღდეს. შესაბამისად, ახალგაზრდა ქუთათურებთან დაპირისპირებას სატურნირო მოტივაცია აკლდა და მასპინძელთა საწვრთნელო შტაბმაც გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართა...
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელ ზესტაფონელთა შეტევების თანხლებით დაიწყო და უკვე 3-ე წუთზე ანგარიში ბესო ფერაძემ გახსნა. ქუთაისელებმა მალევე, ჯონდო კორძაძის გოლით ანგარიშში თანაფარდობა აღადგინეს, თუმცა შესვენებამდე ბერდია შარვაძემ წინ ისევ მასპინძლები გაიყვანა...
მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა სტუმართა კარში გატანილ კიდევ ორ ბურთში იქნა ასახული - მასპინძელთა რიგებში დუბლით თავი აკაკი დვალმა გამოიჩინა. საბოლოოდ, მატჩი ზემოიმერლების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბუღაძე, სხილაძე, გაჩეჩილაძე, ფანცულაია, გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე, შარვაძე. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში ა. ფერაძე, სამხარაძე, ბერაძე, აბჟანდაძე, დვალი და ჭუმბურიძე გამოჩნდნენ.
"დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების ნახევარფინალურ შეხვედრას მარგველები 24 თებერვალს გამართავენ - ამ დღეს ზესტაფონს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს წარმომადგენელი ჩხოროწყუს "სამეგრელო" ესტუმრება...
|