15.02.2019
მორიგი გამარჯვება "დასავლეთის თასზე"
2019 წლის 15 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი-2019"-ს გათამაშების მეორე ტურის მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძლებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ ბაღდათის საფეხბურთო კლუბ "საირმეს" უმასპინძლეს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, "დასავლეთის თასის" წლევანდელ სეზონისწინა ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს. გუნდები 3 ჯგუფად არიან დაყოფილნი. თითოეულ ჯგუფში 4-4 გუნდია, რომლებიც ერთმანეთს ერთ წრედ წრიული სისტემით გაეჯიბრებიან. თამაშები ქუთაისის ,,ტორპედოს" ბაზაზე, წყალტუბოში, სერგიეთში და ზესტაფონში იმართება, ნახევარფინალში კი ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის...
"ზესტაფონისა" და "საირმეს" დღევანდელი შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა საბოლოოდ სტუმართა კარში გატანილ შვიდ ბურთში იქნა ასახული. ზესტაფონელები კობა გოგობერიშვილმა მატჩის დებიუტშივე დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა...
შეხვედრის მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა სტუმრები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს, მათ კართან საგოლე მომენტი მრავლად შექმნეს და საბოლოოდ მატჩი დიდი ანგარიშით 7-0 მოიგეს. პოკერით თავი ბერდია შარვაძემ გამოიჩინა, კობა გოგობერიშვილმა დუბლის შესრულება მოახერხა, ხოლო კიდევ ერთი გოლი თორნიკე ჭურაძის ანგარიშზეა...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბუღაძე, ბუბულაშვილი, დვალი, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე, შარვაძე. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში ა. ფერაძე, სვიანაძე, აბჟანდაძე, ფანცულაია, სხილაძე და ჭუმბურიძე გამოჩნდნენ.
"დასავლეთის თასი-2019"-ს მიმდინარე გათამაშების მეორე ტურის შემდეგ ”ზესტაფონმა”, პირველმა მონაწილეთა შორის, გაინაღდა ჯგუფში პირველობა და მოიპოვა ტურნირის ნახევარფინალური სტადიის საგზური. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მესამე ტურის შეხვედრას მარგველები 19 თებერვალს გამართავენ - ამ დღეს ზესტაფონს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდი ესტუმრება...
|