09.02.2019
ამხანაგური მატჩი ლიგა-2-ს წარმომადგენელთან
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიმდინარე წლის 8 თებერვალს ჩვენმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგა-2-ს წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” უმასპინძლა.
დასაწყისში უნდა ითქვას იმის თაობაზე, რომ დღევანდელი მატჩის მონაწილეთა დამრიგებლებმა ზესტაფონელმა მალხაზ ღონღაძემ და ზუგდიდელმა გიორგი თურმანიძემ ექსპერიმენტებს მიმართეს და თავიანთი გუნდები პირველსა და მეორე ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობებით ათამაშეს. ეროვნული ჩემპიონატის რიგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე მეტოქესთან სპარინგი იმერელთა ახალგაზრდული გუნდისთვის ძალიან საჭირო და საინტერესო გამოცდილების შემძენი გახლდათ...
მინდორზე თავიდანვე საკმაოდ გახსნილი ბურთაობა გაჩაღდა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ზუგდიდელები, რომელთა შემადგენლობაში, უცხოელ ლეგიონერებთან ერთად, ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი ჭედია, ბექა ზაქრაძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე და კიდევ მრავალი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს, საკუთარი შანსების რეალიზების საქმეში ახალგაზრდა ზესტაფონელებზე უკეთ გამოიყურერბოდნენ. შედეგად, სტუმრებმა ორივე ტაიმი ანგარიშით 2-0 მოიგეს. გატანილი გოლები კი გიორგი ჭედიას, ბექა ზაქრაძის და ნიკოლოზ ხინთიბიძის (2) ანგარიშზეა.
"ზესტაფონი": პირველი ტაიმი - ფანცხავა, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ბუღაძე, ნ. გაჩეჩილაძე, აბჟანდაძე, ბუბულაშვილი, ა. დვალი, გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე; მეორე ტაიმი - ა. ფერაძე, ფანჩულიძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, გ. სამხარაძე, ჭუმბურიძე, სხილაძე, ბუბულაშვილი, ა. დვალი, გოგობერიშვილი, ფანცულაია.
"ზუგდიდი": პირველი ტაიმი - ძაგანია, კილასონია, ფიფია, ხარშილაძე, ბაკურაძე, წურწუმია, ქირია, კიკაბიძე, ჭედია, ზაკოევი, ხინთიბიძე. მეორე ტაიმი - ჯომიდავა, რუხაია, ხარშილაძე, ფიფია, მოისწრაფიშვილი, წურწუმია, კლიმიაშვილი, ხუნჯგურუა, ზაქრაძე, ნვანკო, ხინთიბიძე.
|
11 თებერვალს ზემოიმერლები ჩაერთვებიან დასავლეთის თასის გათამაშებაში, რომელსაც იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. ტურნირის პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონი" ხარაგაულის "ჩხერიმელას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 12:00 საათზე დაიწყება. |