28.01.2019
”ზესტაფონი” მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. იმერული გუნდი დღეს, 28 იანვარს, მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა.
ჩვენი კლუბის პირველი გუნდი 2019 წლის სეზონში ისევ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. ცნობილი გახდა, რომ წელს ამ ტურნირის დასავლეთის ზონის იმერეთის ქვეჯგუფის საორგანიზაციო ამბებს, სფფ-სთან ერთად, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის კურირებს.
ტურნირის ჩატარების შესახებ არსებული (მაგრამ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი) პროექტის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" რეგიონალური ლიგის გათამაშების პირველ ეტაპზე მეტოქეობას ქუთაისის "ტორპედო-2", ვანის "სულორი", წყალტუბოს "სამგურალი-2", ხონის "იმერეთი-2", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ბაღდათის "საირმე" და ამბროლაურის "რაჭა" გაუწევენ. არაა გამორიცხული, იმერეთის ქვეჯგუფში სხვა გუნდების გამოჩენაც ...
როგორც უკვე მოგახსენეთ, ზემოიმერლები საწვრთნელ შეკრებას მშობლიურ ქალაქში გადიან. გუნდის საწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 2001-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაწილი თავის ასაკით უფროს თანაკლუბელებთან ერთად ვარჯიშობს. 11 თებერვალს კი "ზესტაფონი" იმერეთის რფფ-ს მიერ ორგანიზებულ "დასავლეთის თასის" გათამაშებაში ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაწილს ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს...
|