ცხრამეტწლამდელებმა იტალიას "ზესტაფონის" ბაზაზე უმასპინძლეს
2018 წლის 5 დეკემბერს თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა - საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
გიორგი მიქაძის დამმოძღვრილი ცხრამეტწლამდელთა გუნდი თავიდან აგებდა, თუმცა გიორგი გულიაშვილმა ზურიკო დავითაშვილის პასით პირველივე ტაიმში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა უფრო მოუმატა და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანა - ცოტნე ფაცაციამ ჯარიმიდან შეაგდო.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართათვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ამბავი, რომ საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა ჩვენი კლუბის აღზრდილმა, დღესდღეობით კი თბილისის "ლოკომოტივის" რიგებში მოასპარეზე შოთა შეყილაძემ...
ბოლოს კი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გუშინ გამართული მატჩის მიმდინარეობის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ ...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა