04.12.2018
"ზესტაფონმა" მისია ვერ შეასრულა
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის დასკვნითი, რიგით მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ - 16 აპრილს ზესტაფონში გამართულ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპის შეხვედრაში გამარჯვება "ზესტაფონის" დარჩა - 3-2. ამავე გუნდების მონაწილეობით რეგიონალური ლიგის მეორე ეტაპის ფარგლებში ბათუმში 4 ოქტომბერს გამართული მატჩი კი აჭარელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
რაც შეეხება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართულ რიგით მესამე იმერულ-აჭარულ დუელს, მის მნიშვნელობას ზრდიდა რეგიონლიგის "დასავლეთის ჯგუფის" სატურნირო ცხრილში არსებული ვითარება - სასწორზე ხომ ლიგა-4-ში გადასასვლელი პლეი-ოფის საგზური იდო...
მატჩის დებიუტი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უმაღლეს ლიგაში გადასულ ბათუმელთა მთავარი გუნდის ფეხბურთელებით გაძლიერებული"დინამო-2"-ს კარში გატანილი გოლი დროის ამბავი იყო. თუმცა, მოვლენები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მრავლად მოსული გულშემატკივრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ განვითარდა...
მიმდინარეობდა შეხვედრის 27-ე წუთი, როდესაც, თითქოს უწყინარ ვითარებაში, ზესტაფონელთა ერთ-ერთი მცველისა და კარიდან გამოსული მეკარე ალექსანდრე გიორგაძის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად, ბურთი მასპინძელთა კარში შეგორდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი აჭარელთა მცველმა გივი ძაძამიამ ანგარიში ორამდე გაზარდა.
შესვენებისას იმერელთა მწვრთნელმა მალხაზ ღონღაძემ თამაშიდან მცველი მიხეილ ვაჭარაძე გაიყვანა და მის ნაცვლად მოედანზე შემტევი ბესო ფერაძე შეუშვა. როგორც შედეგი, მასპინძელთა დაცვის ხაზში სიცარიელეები გაჩნდა, რომლებსაც ბათუმელთა სწრაფი შემტევები კარგად იყენებდნენ. იმერელთა ახალგაზრდულს კოლექტივს კი ნერვებმა უმტყუნა, რის გამოც მეორე ტაიმის მსვლელობისას მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.
საბოლოოდ, "დინამომ" ზესტაფონელები კიდევ 4 გატანილი გოლით (ლუკა მსხილაძე, იუსუფ ტურე, ბექა ჭკუასელი და იური ოლიფერენკო) დაამწუხრა და ძალიან მძიმე მარცხი 6-0 აგემა. შედეგად, მასპინძლებმა ვერ შეძლეს ზედა ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის საგზურის მოპოვებასთან დაკავშირებული მისიის შესრულება და მომდევნო სეზონს ისევ რეგიონლიგაში გაატარებენ.
|
04.12.2018. ”ზესტაფონი” - ”დინამო-2” (ბათუმი) 0-6 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ვაჭარაძე (ბ. ფერაძე, 46), ჩიტორელიძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ფოცხვერაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი (ვარდოსანიძე, 64), ზუზაძე (დვალი, 60), მაკარიძე, ბ. ბერაძე.
|
|