30.11-01.12.2018
ვერცხლით დასრულებული "ვერცხლის ლიგა"
მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის ტურნირი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა დასრულებული გათამაშება საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა.
დასკვნითი, მეთვრამეტე ტურის მატჩი ზესტაფონელებმა ბათუმში, ადგილობრივი "დინამოს" წარმომადგენელ თანატოლებთან გამართეს. აჭარულ-იმერული დაპირისპირება ამ ერთი კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ბათუმელთა ბაზის დატბორვის გამო მატჩი გადაიდო და ზესტაფონელებს ბათუმში ჩასვლა მეორედ მოუწიათ...
სტუმრები, რომლებმაც სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია ვადამდე ადრე გაინაღდეს, გადადებული მატჩის სათამაშოდ ბათუმს გადახალისებული შემადგენლობით ეწვივნენ. შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და უკვე მე-3-ე წუთზე აჭარელმა ლუკა მემარნემ წინ თავის გუნდი გაიყვანა. მატჩი "დინამოს" უპირატესობით გაგრძელდა და 30-ე წუთზე გია აფხაზავამ თავის გუნდი უკვე ორი ბურთის სხვაობით დააწინაურა.
სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ შეუშინდნენ და 32-ე წუთზე დათო ბებიაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი (48-ე წუთი) ნიკა ჭანტურიძე მოედანზე ძალთა თანაფარდობა აღადგინა...
თუმცა, საბოლოოდ, ბათუმელებმა სტუმრებს გამარჯვება მაინც გამოგლიჯეს ხელიდან - აჭარულ-იმერულ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ნიკა ფაჩულიას ზუსტი დარტყმა გამოდგა 3-2. ზესტაფონელებმა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა "ვერცხლის ლიგის" ტურნირი საპატიო, მეორე ადგილზე დაასრულეს...
|
30.11.2018. U-17. ”დინამო” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 3-2 |
"ზესტაფონი" (U-17): ცერცვაძე, გ. ღონღაძე (გ. გიორგაძე, 70), ნასრაძე, სვიანაძე (ნ. ჭუმბურიძე, 54), თ. ჭუმბურიძე, ფანცულაია, ფანჩულიძე, ბებიაშვილი, ჭანტურიძე, ჯანიაშვილი, ღვალაძე.
|
* * *
რაც შეეხება ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა კოლექტივს, მან "ვერცხლის ლიგის" სტუმრად გამართული დასკვნითი შეხვედრა თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" წარმომადგენელ თანატოლებთან დათმო და 11-გუნდიანი დასავლეთის ჯგუფის საბოლოო სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიცია დაიკავა...
|