26.11.2018
გამარჯვება ლიდერთან შეხვედრაში
2018 წლის 26 ნოემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის რიგით მეცამეტე ტურის შეხვედრაში, რომელიც განმუხურის სტდიონზე გაიმართა, მარგველები ტურნირის ლიდერ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდნენ.
სატურნირო თვალსაზრისით ორივე მხარისათვის ესოდენ მნიშვნელოვან დაპირისპირებას გუნდები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - სხვადასხვა მიზეზის გამო ზესტაფონელებს ირაკლი ზარნაძე, ამური საცერაძე და გია მახათაძე აკლდნენ, ხოლო ზუგდიდელებმა ფორვარდი წურწუმია და გოლკიპერი ეხვაია მოისაკლისეს...
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ზემოიმერლებმა მასპინძელთა კართან რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა გატანა მხოლოდ ტაიმის მიწურულს, მე-40-ე წუთზე შეძლეს - ზაალ ზუზაძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში ორამდე გაიზარდა - მიმდინარეობდა შეხვედრის 48-ე წუთზე, როდესაც, პარტნიორთა დროული გადაცემის შემდეგ, მეკარე მანუჩარ ივარდავასთან პირისპირ გავიდა ზაალ ზუზაძე. მართალია, მისი პირველი დარტყმა ზუგდიდელთა კიპერმა მოიგერია, მაგრამ ბურთთან ისევ ზესტაფონელი დარჩა და ის მასპინძელთა კარის ბადეში გადაგზავნა.
სტუმრებმა საქმე მოგვარებულად ნაადრევად ჩათვალეს, ზრუნვა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს და ამისათვის კინაღამ დაისაჯნენ კიდეც. ზუგდიდელები ბევრს უტევდნენ და 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა გიორგი ბულიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან ლამაზად გაისროლა...
დარჩენილ დროში მასპინძლებმა, რომელთათვის დღევანდელ შეხვედრაში "ზესტაფონის" დამარცხება ზედა ეშელონის საგზურის ნაადრევად მოპოვებას უდრიდა, იმერელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს - სტუმართა კარის აღებასთან ახლოს ჯერ ნიკოლოზ ახვლედიანი, შემდეგ კი დიმიტრი თუთბერიძე იყვნენ, თუმცა პირველ ეპიზოდში "ოდიშის" ნახევარმცველის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა, მეორეში კი "ოდიშის" ფორვარდის უძლიერეს გასროლას მეკარე გაუმკლავდა.
საბოლოოდ, მარგველებმა ბევრი იბრძოლეს, ტურნირის ლიდერის შტურმს გაუმკლავდნენ, უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება 2-1 მოიპოვეს და ახლა ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის საგზურისათვის ბრძოლის გასაგრძელებლად მათ მიმდინარე ტურნირის დასკვნით ტურში ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდის დამარცხება ესაჭიროებათ.
ბათუმელებთან შეხვედრას "ზესტაფონი" 4 დეკემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...
|
26.11.2018. ”ოდიში-1919” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 1-2 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ვაჭარაძე, ჩიტორელიძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ფოცხვერაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი (ბ. ფერაძე, 63), ზუზაძე (დვალი, 76), მაკარიძე, ბ. ბერაძე (ვარდოსანიძე, 66).
|
|