20.11.2018
"პრაიმ თაიმის" პუბლიკაცია
2018 წლის 19 ნოემბერს გაზეთ "პრაიმ თაიმის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან. რომელშიც რესპონდენტი პოლიტიკოსთა მხრიდან სახელმწიფოსა და ქართული ფეხბურთის თანამშრომლობის მიმართ ამ ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კრიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს. ჩვენ ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:
„განსაკუთრებულად გაუგებარი და მიუღებელი ჩემთვის სპორტზე თავდასხმაა იმ ადამიანისგან, რომელსაც პრეზიდენტობის პრეტენზია აქვს" - ასე გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია გრიგოლ ვაშაძის Deutsche Welle-სთან ინტერვიუს. "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გერმანულ გამოცემასთან სპორტის ბიუჯეტიდან დაფინანსება გააპროტესტა:
„ჩვენ ბიუჯეტში ხარჯებს შევამცირებთ. ეს სულელური ხარჯები მხოლოდ იმისთვისა საჭირო, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ... დაფინანსება ფეხბურთის პროგრამების, ბეისბოლის გუნდის, ჰოკეის ნაკრების – წარმოგიდგენიათ ეს იდეალიზმი? ამ თანხებს ჯანდაცვაში და სოციალურ პროგრამებში, განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოვიყენებთ“, – თქვა ვაშაძემ.
ილია კოკაიას შეფასებით, ხელისუფლებამ სოციალური პროგრამები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა დააფინანსოს, თუმცა, მისთვის გაუგებარია ის, თუ რატომ უნდა მოხდეს ეს სპორტის ხარჯზე, მაშინ როდესაც, ათი ათასობით თანხები შეიძლება გამოთავისუფლდეს თუკი იგივე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა და ათობით ფიქტიური პარტია ჯამში მილიონობით ლარით არ დაფინანსდებიან:
„იმედი მაქვს, დადგება ის ბედნიერი დღე, როცა სპორტს დახმარება აღარ დასჭირდება. მაგრამ დღეს ის განვითარების ეტაპზეა და დახმარება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სპორტში ახალგაზრდები არიან ჩართულნი, მათ მოტივაცია სჭირდებათ, ეს ხომ ქვეყნის წარმატებას და ჯანმრთელ თაობას ნიშნავს.
ასე რომ, ვაშაძის განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მხოლოდ პოლიტიკოსების ერთმანეთის ლანძღვა და გინება არა მგონია, უფრო მისაღები იყოს, ვიდრე იგივე სპორტის დაფინანსება".
ილია კოკაიას განმარტებით, დაფინანსების ფორმულა, შესაძლოა, შესაცვლელი და დასახვეწია, თუმცა, უკვე ამ მიმართულებითაც იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.
– უკვე წელს, თუ არ ვცდები, 8 ახალი სტადიონი აშენდა. ქვეყანაში ამის დიდი დეფიციტი იყო. სფერომ გამოცოცხლება დაიწყო, განსაკუთრებით რეგიონებში. ასე რომ, ასეთი დამოკიდებულება, მით უმეტეს, პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან, სრულიად გაუმართლებელია, – აცხადებს ილია კოკაია"...
|