Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.11.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" დერბი დიდი ანგარიშით მოიგო

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი, რიგით მეთორმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" თანაქალაქელ საფეხბურთო კლუბ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა.

 

ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდები მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ და მაშინ ორივე შეხვედრაში გამარჯვება "მარგვეთი-2006"-ს დარჩა - 1-0 ზესტაფონში და 2-0 ხარაგაულში. ამ გუნდების მონაწილეობით მეორე ეტაპის ფარგლებში ხარაგაულში გამართული კიდევ ერთი მატჩი კი "ზესტაფონის" გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

 

რაც შეეხება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართულ რიგით მეოთხე ზესტაფონურ დერბის, ის მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე დიდი ანგარიშით გამარჯვებით 4-0 დასრულდა...

 

შეხვედრის სადებიუტო ნაწილში გუნდები შეცდომის დაშვებას ერიდებოდნენ და აქედან გამომდინარე ფრთხილობდნენ კიდეც. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მასპინძლებს გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებოდათ; ამდენად, ისინი მალევე გააქტიურდნენ და თანდათანობით სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს...

 

შეხვედრის პირველი ნახევრის მანძილზე მასპინძელმა ზესტაფონლებმა "მარგვეთი-2006"-ს კართან რამდენიმე კარგი იერიში განახორციელეს, თუმცა ანგარიშის გახსნა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოხერხდა - 33-ე წუთზე "ზესტაფონის" შეტევა ბაჩო ბერაძის მახვილგონივრული დარტყმით დაგვირგვინდა. ტაიმიც მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ სტუმარი მარგველები გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე იერიშის განხორციელებაც სცადეს. თუმცა, "ზესტაფონის" დაცვის ხაზი სტუმართა სასტარტო აქტიურობას მშვიდად გაუმკლავდა და 64-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში საკუთარი უპირატესობა ორამდე გაზარდეს - "მარგვეთი-2006"-ს კარში დანიშნული თერთმეტრიანი დარტყმა გოლად ისევ ბაჩო ბერაძემ აქცია...

 

მალევე სტუმართა გუნდის ირანელმა ლეგიონერმა ჰოსეინ არეფიზადემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ მატჩის გადარჩენაზე დაგეშილი "მარგვეთი-2006"-ს დაცვის ხაზში სიცარიელეები გამოჩნდა და მასპინძელთა შეტევითი აქციები კიდევ უფრო სახიფათო გახდა.

 

საბოლოოდ, მატჩის დასრულებამდე "ზესტაფონმა" სტუმართა კარში კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხა. 90-ე წუთზე სტუმართა კარში გოლი ნახევარმცველმა გიორგი მაკარიძემ გაიტანა, ხოლო მატჩის არბიტრის ირაკლი კვირიკაშვილის მიერ მატჩის ძირითად დროზე დამატებულ მესამე წუთზე მიმდინარე სეზონში გატანილი სადებიუტო გოლით თავი მასპინძელთა მცველმა შოთა ვარდოსანიძემ გამოიჩინა.

 

შედეგად, დღევანდელი მატჩი "ზესტაფონის" ლამაზი გამარჯვებით 4-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ზედა ჯგუფის" სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა. შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 26 ნოემბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" განმუხურს ეწვევა და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდება...

 

 

15.11.2018. ”ზესტაფონი” - ”მარგვეთი-2006” (ზესტ.) 4-0

"ზესტაფონი": გიორგაძე, ვაჭარაძე, ჩიტორელიძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, ნ. გაჩეჩილაძე (დვალი, 86), ბუბულაშვილი, ზუზაძე (ბ. ფერაძე, 66), მაკარიძე, ბ. ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018