08.11.2018
სამქულიანი სტუმრობა ქუთაისში
2018 წლის 8 ნოემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გაიმართა, მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ქუთაისელებთან დაპირისპირებას სტუმრები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს ლევან ჩიტორელიძე, ირაკლი ზარნაძე, ამური საცერაძე და გია მახათაძე აკლდნენ...
ასეთი დანაკლისის მიუხედავად, სტუმრებმა მატჩის სადავეები დებიუტშივე იგდეს ხელთ და უკვე მე-2-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს - მარგველთა შეტევისას ბურთი იქნა ჩაწოდებული ქუთაისელთა საჯარიმოში, სადაც ყველას ნოდარ გაჩეჩილაძემ დაასწრო და ზუსტი დარტყმით "ტორპედოს" კარი აიღო...
ზესტაფონელები ამის შემდეგაც აქტიუროდნენ და მათ ანგარიშში უპირატესობის გაზრდის რამდენიმე კარგი შესაძლებლობაც მიეცათ - თავიდან მასპინძელთა მეკარე ლუკა მიქაიამ შოთა ვარდოსანიძის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი სტუმართა ნახერმცველის გიორგი მაკარიძის დარტყმულმა ქუთაისელთა ორივე ძელი "მოიკითხა" და მოედანზე მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა...
სტუმრები მომენტების განიავების გამო მალევე დაისაჯნენ - 12-ე წუთზე მარგველთა კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც გოლად სერგო კუხიანიძემ აქცია. ამის შემდეგ სტუმარიც და მასპინძელიც ბევრს აქტიურობდნენ და ანგარიშის სათავისოდ შეცვლას ცდილობდნენ და... ტაიმის მიწურულს ანგარიშში დაწინაურება ქუთათურებმა მოახერხეს - 38-ე წუთზე ულამაზესი თავურით სერგო კუხიანიძემ დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში "ტორპედოს" ბაზაზე მრავლად შეკრებილმა ორივე გუნდის ქომაგმა საკმაოდ დაძაბული და ამავე დროს სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. ბურთსა და ტერიტორიას უმეტესად ზესტაფონელები ფლობდნენ და კარგა ხანს სახიფათო მომენტების განიავებას აგრძელებდნენ. მასპინძლები კი სტუმართა კონტრშეტევებზე გამოჭერას ცდილობდნენ...
და მაინც, 68-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - "ზესტაფონის" მორიგი იერიშისას დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილმა გიორგი მაკარიძემ ძალთა თანაფარდობა აღადგინა. არსებული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვების მოპოვება მართებდა, აქედან გამომდინარე თამაში კიდევ უფრო გაიხსნა და ძალიან კარგი საცქერი გახდა.
მატჩის ბედი კი 88-ე წუთზე გადაწყდა - ზესტაფონელთა ერთ-ერთი ბოლო, ხანგრძლივი შეტევა ქუთაისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობითა და ზემოიმერული გუნდის კაპიტნის ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ მასპინძელთა კარში გატანილი გამარჯვების გოლით დასრულდა - 3-2.
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 15 ნოემბერს გამართავს - ამ დღეს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006" უმასპინძლებს...
|
08.11.2018. ”ტორპედო-2” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 2-3 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ვაჭარაძე, ფოცხვერაშვილი, ხუჯაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, ნ. გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი (ბ. ფერაძე, 43), ზუზაძე (დვალი, 80), მაკარიძე, ბ. ბერაძე (გ. სამხარაძე, 90).
|
|