05.11.2018
"ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩები
2018 წლის 3 და 4 ნოემბერს გაიმართა ჭაბუკთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდები შესაბამისად თბილისელ და ფოთელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
ზემოიმერელმა თხუთმეტწლამდელებმა მიმდინარე ტურნირის "დასავლეთის ჯგუფის" ერთ-ერთ ლიდერ ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთის" წარმომადგენელ გუნდთან რიგით მეთვრამეტე ტურის შეხვედრა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ბაზის მწვანე მინდორზე გაიმართა.
მატჩის პირველი ნახევრის სადებიუტო ნაწილი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - ზესტაფონელები დებიუტშივე, უკვე მე-7-ე წუთზე დათო ფანჩულიძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. ასეთი დასაწყისის მიუხედავად, ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და ტაიმიც მათი უპირატესობით 2-1 დასრულდა...
მეორე ტაიმი ისევ მასპინძელთა შეტევების აკომპანემენტით მიმდინარეობდა, ისინი ბევრს აქტიურობდნენ და ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე კარგი შესაძლებლობაც მიეცათ. საბოლოოდ, მარგველებმა მომენტები გაანიავეს და მატჩის მიწურულს ამისათვის დაისაჯნენ კიდეც. ფოთელთა ერთ-ერთი ბოლო კონტრიერიში შედეგიანი გამოდგა - 1-3.
|
04.11.2018. U-15. ”ზესტაფონი”- ”კოლხეთი” (ფოთი) 1-3 |
"ზესტაფონი" (U-15): გ. არაბიძე, გურული, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ა. ცხადაძე, ნებიერიძე (თაბუკაშვილი, 47), დ. ტაბატაძე (კლდიაშვილი, 62), ანდრიაძე (პაპიძე, 64), ნ. ცხადაძე (ბუხრაშვილი, 55), ნ. ჭუმბურიძე, ფანჩულიძე.
|
* * *
ჩვენი კლუბის ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა კი თავის შეხვედრა 3 ნოემბერს მცხეთის საფეხბურთო სტადიონზე გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებს თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" კოლექტივი დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმერელთა დამარცხება ანგარიშით 1-0 მოახერხა...
|
03.11.2018. U-17. ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-0 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ახვლედიანი (ჯანიაშვილი, 41), ნასრაძე, სვიანაძე, თ. ჭუმბურიძე, სხილაძე, თვალაბეიშვილი, დ. ბებიაშვილი, ფანცულაია, ღვალაძე, ბ. ფერაძე.
|
|