01.11.2018
"ზესტაფონი" ბრძოლას განაგრძობს
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი, რიგით მეათე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მარტვილის საფეხბურთო კლუბ "სალხინოს" უმასპინძლა.
ზესტაფონელები და მარტვილელები მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზეც ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ და მაშინ გამარჯვება ორივე შეხვედრაში "სალხინოს" დარჩა - 2-0 სერგიეთში და 1-0 ზესტაფონში. ამ გუნდების მონაწილეობით სერგიეთში გამართული კიდევ ერთი მატჩი კი მეტად დაძაბული გამოდგა და ფრედ 3-3 დასრულდა.
რაც შეეხება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართულ რიგით მეოთხე ზესტაფონურ-მარტვილურ დაპირისპირებას, ის მასპინძელ მარგველთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე დიდი ანგარიშით გამარჯვებით 5-1 დასრულდა.
ზესტაფონელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ - ანგარიში უკვე 11-ე წუთზე მასპინძელთა მცველის გიორგი ხუჯაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიხსნა. 14-ე წუთზე კი სტუმართა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ბიბი ფოცხვერაშვილმა ზემოიმერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
22-ე წუთზე სტუმართა კარში დაინიშნა პენალტი, მაგრამ ზესტაფონელთა კაპიტნის ნოდარ გაჩეჩილაძის წერტილიდან დარტყმული არაზუსტი გამოდგა. თუმცა, შესვენებამდე დიდი ანგარიშით დაწინაურება მასპინძლებმა მაინც მოახერხეს - 37-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით თავი ბესო ფერაძემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ უკვე მარტვილელები გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამენიმე კარგი იერიშიც განახორციელეს. საბოლოოდ, შეხვედრის 52-ე წუთზე ზესტაფონელთა კარის მიმართულებით დაინიშნა თერთმეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად სტუმართა ფორვარდმა ლევან წოწონავამ აქცია...
ამის შემდეგ თამაში ისევ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე გაცუდებული იერიშის შემდეგ, მათ მეტოქის კარის მეოთხედ აღება მოახერხეს - 64-ე წუთზე ზემოიმერელთა შეტევა სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან განხორციელებული ზუსტი დარტყმით ნოდარ გაჩეჩილაძემ დააგვირგვინა.
მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და 72-ე წუთზე მათ სტუმართა კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - მასპინძელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე განვითარებული იერიშისას ზუსტი გადაცემით თავი ზაალ ზუზაძემ გამოიჩინა და საჯარიმოში ეულად მყოფ ბესო ფერაძეს გატანა აღარ გასჭირვებია...
შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 8 ნოემბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" ქუთაისს ეწვევა ადგილობრივი "ტორპედოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდება...
|
01.11.2018. ”ზესტაფონი” - ”სალხინო” (მარტვილი) 5-1 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ვარდოსანიძე, ფოცხვერაშვილი, ხუჯაძე, ჭურაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი, ზუზაძე (თ. ბერაძე, 74), მაკარიძე (აბჟანდაძე, 81), დვალი (ფანცულაია, 67), ბ. ფერაძე.
|
|