Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელებმა გორელები დაამარცხეს

 

 

 

 

 

21 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარგველებმა გორის "დილას" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

 

იმერელ და შიდაქართლელ თხუთმეტწლამდელთა შეხვედრა გაიმართა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც ამ რამდენიმე წლის წინ უსაფრთხოების მიმართ უეფას მიერ გამკაცრებული მოთხოვნების გამო აღარ ტარდებოდა სფფ-ს მიერ ორგანიზებული ოფიციალური შეხვედრები.

 

ბოლო პერიოდში კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებით, არენაზე განხორციელდა სათამაშო მოედნის ზომების შემცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები და აქედან გამომდინარე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უკვე შესაძლებელია ბავშვთა და ჭაბუკთა ტურნირების მატჩების გამართვა...

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...

 

რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, თხუთმეტწლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ გორელებთან ზესტაფონელთა დაპირისპირება ორმხრივ შეტევებსა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ანგარიში მასპინძლებმა ნიკა ჭუმბურიძის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით 29-ე წუთზე გახსნეს.

 

შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მატჩის ბედის სათავისოდ გადაწყვეტის შანსები ორივე მხარეს მიეცა. ასეთ თამაშში ბედმა მაინც ზესტაფონელებს გაუღიმა - შეხვედრის ბოლო, 70-ე წუთზე დათო ფანჩულიძემ საკუთარი გუნდის გამარჯვება საბოლოოდ გააფორმა - 2-0.

 

 

21.10.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”დილა” (გორი) 2-0

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ლ. გურული, ა. ცხადაძე, ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, ნ. ცხადაძე (ბუხრაშვილი, 54), ანდრიაძე (მახათაძე, 67), დ. ტაბატაძე, ნებიერიძე (ლ. ბებიაშვილი, 56).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018