Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.10.2018

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვება უმაღლესლიგელ "სამტრედიასთან"

 

 

 

 

 

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზისას საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა დაგეგმა. 12 ოქტომბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ჩვენმა გუნდმა ეროვნული ლიგა-1-ს წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” უმასპინძლა.

 

თბილისის "ლოკომოტივთან" ამ რამდენიმე დღის წინ მოგებულ მატჩთან შედარებით, სამტრედიელთა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. გუნდის რიგებში არ უსპარეზიათ დავით კუპატაძეს, გიორგი გურულს, ბექა ტუღუშს, ივან ფატიჩსა და ჯაბა ლიპარტიას. ამის მიუხედავად, საქართველოს 2016 წლის ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ მოედანზე საკმაოდ ძლიერი გუნდი გაიყვანა...

 

ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა ზესტაფონელთა დამრიგებლის მალხაზ ღონღაძის გაწვრთნილ გუნდსაც - სხვადასხვა მიზეზის გამო სამტრედიელთა წინააღმდეგ გამართულ საკონტროლო შეხვედრას გამოაკლდნენ მეკარე გია მახათაძე, მცველი მიხეილ ვაჭარაძე და ნახევარმცველი ამური საცერაძე...

 

ამის მიუხედავად, მატჩი მასპინძელთა შეტევების აკომპანემენტით დაიწყო და უკვე 12-ე წუთზე მათი კარგი იერიში ბაჩო ბერაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა. ამას უკვე სტუმართა გააქტიურება და "ზესტაფონის" კარში გატანილი 2 გოლი მოჰყვა - 15-ე წუთზე შოთა კერძევაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 17-ეზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გოლად ოლეგ მამასახლისმა აქცია.

 

ტაიმის ბოლოს ანგარიში ისევ თანაბარი გახდა - 37-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული ზესტაფონელთა იერიში სტუმართა საჯარიმოში გიორგი მაკარიძის მიერ გაკეთებული ზუსტი ჩაწოდებითა და ბაჩო ბერაძის კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე რანგით უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე სტუმრებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და თამაშის ბედის კარდინალურად გარდატეხა სცადეს. თავის მხრივ, მოვლენათა ასეთ განვითარებას არც ზესტაფონელები შეუშინებია და მალევე მათ თამაშის გათანაბრება მოახერხეს. მეტიც, შეხვედრის 68-ე წუთზე მარგველთა კარგი შეტევა ნოდარ გაჩეჩილაძის გოლით დასრულდა.

 

დარჩენილ დროში "სამტრედიამ" მასპინძელთა კარის აღება ვეღარ მოახერხა. მეტიც, შეხვედრის დასკვნით ნაწილში ხიფათი უფრო სამტრედიელთა კართან იქმნებოდა და 89-ე წუთზე მასპინძლებმა მეოთხე გოლის გატანაც შეძლეს - ბესო ფერაძის გადაცემის შემდეგ თავის გოლი ზაალ ზუზაძემ მიითვალა. რეგიონული ლიგის წარმომადგენელთა სენსაციური გამარჯვება ანგარიშით 4-2.

 

შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 18 ოქტომბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" ბათუმის "მეტას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

 

 

12.10.2018. ”ზესტაფონი" - ”სამტრედია” 4-2

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, ფოცხვერაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ზარნაძე, მაკარიძე, ბ. ბერაძე, ა. დვალი. შეცვლაზე შევიდნენ: ბუბულაშვილი, ზუზაძე, გ. სამხარაძე, ბ. ფერაძე, აბჟანდაძე.

 

"სამტრედია": ი. სტურუა, გოგიაშვილი, ჯგერენაია, ნადირაძე, ენდელაძე, კერძევაძე, მამასახლისი, კოშმანი, გორელიშვილი, ფანცულაია, შალიკაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ო. სტურუა, კუჭუხიძე, მაქაცარია, ნინუა, მანჯგალაძე, ხაბეიშვილი, შანიძე, ბურკაძე.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018