05.10.2018
მარცხი პირველი წრის ფინიშზე
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ანგისას ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი კოკისპირული წვიმის თანხლებით წარიმართა. თამაში უმეტესად სტუმართა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელთა უპირატესობით მიმდინარეობდა - ბურთს და ტერიტორიას სწორედ იმერლები ფლობდნენ, თუმცა, უხვი ნალექის გამო შექმნილი სათამაშო პირობების გათვალისწინებით, ისინი სახიფათო მომენტების რეალიზაციის საქმეში მოიკოჭლებდნენ...
ტაიმის ბოლოს ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს - მიმდინარეობდა შეხვედრის 38-ე წუთი, როდესაც ზესტაფონელებმა თავის საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი არადამაჯერებლად გამოიტანეს, ამით კი კარგად ისასრგებლა დინამოელმა დავით კიკალიშვილმა, რომელმაც ბურთი იმერელთა საჯარიმოს მისადგომებამდე შეუფეხებლად ატარა და შემდეგ მეკარისაგან დაბალ მარჯვენა კუთხეში აუღებელი დაარტყა...
შეხვედრის მეორე ნახევარი ზესტაფონელთათვის შოკისმომგვრელად დაიწყო - ტაიმის პირველსავე წუთზე საჯარიმოს გარედან დავით კიკალიშვილის მიერ განხორციელებულმა კიდევ ერთმა უზუსტესმა და ძალიან ლამაზმა დარტყმამ სტუმართა გუნდის გოლკიპერი და დაცვის ხაზი უსაქმოდ დატოვა...
სიტუაციის გამოსასწორებლად იმერლებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. უნდა ითქვას, რომ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში თამაში სწორედ ზესტაფონელთა კონტროლით მიმდინარეობდა, თუმცა მომენტების გამოყენება არ მოხერხდა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩვენმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ერთი მარცხი განიცადა - 2-0.
|
04.10.2018. ”დინამო-2” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 2-0 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ჩიტორელიძე, ხუჯაძე (ბ. ფერაძე, 86), ვაჭარაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ფოცხვერაშვილი (ბუბულაშვილი, 41), ზარნაძე, საცერაძე (ა. დვალი, 71), მაკარიძე, ბ. ბერაძე.
|
|