Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

მარგველთა ზედიზედ მესამე გამარჯვება

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მორიგი, რიგით მეექვსე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ს უმასპინძლა.

 

ზესტაფონურ-ზუგდიდური დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ ანგარიშში დაწინაურება მართებდათ - მასპინძელთა ნახევარმცველის ბიბი ფოცხვერაშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა ზაალ ზუზაძე, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული სტუმართა გოლკიპერმა მანუჩარ ივარდავამ მოიგერია...

 

შესვენებმდე მოედანზე შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა - ბურთს უმეტესად მასპინძლები აკონტროლებდნენ და ზუგდიდელთა კარის გასაღებს გეგმაზომიერად ეძიებდნენ, სტუმრები კი თავის შანსის პოვნას სწრაფ კონტრაქციებში ცდილობდნენ. საბოლოოდ, შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ ზესტაფონელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამენიმე კარგი იერიშიც განახორციელეს, თუმცა მასპინძელთა შემტევები გადამწყვეტ მომენტში სიზუსტემ დააღალატა. გოლის გატანა "ოდიშსაც" შეეძლო, თუმცა იმერელთა გუნდის მცველების უყურადღებო თამაშით ვერც მათ ისარგებლეს...

 

74-ე წუთზე იმერლებმა ანგარიში მაინც გახსნეს - მოედნის შუაგულში მეტოქისათვის ბურთის ართმევის შემდეგ, შეტევაში ჩართულმა ზაალ ზუზაძემ ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ბაჩო ბერაძე და ამ უკანასკნელმა ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა...

 

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და 86-ე წუთზე მათ სტუმართა კარში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს - შეტევის ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ფლანგზე განვითარებული იერიშისას ბურთი ზუგდიდელთა საჯარიმოში ლაშა ბუბულაშვილმა ჩააწოდა და იქ მყოფ გიორგი მაკარიძეს გატანა არ გასჭირვებია...

 

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა გუშინდელ მატჩში გამარჯვება 2-0 მოიპოვეს. საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე გამართული 6 ტურის შემდეგ ზესტაფონელებმა 10 ქულა მოაგროვეს და სადღეისოდ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან...

 

შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 4 ოქტომბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" აჭარის დედაქალაქ ბათუმში ადგილობრივი "დინამოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდება...

 

 

26.09.2018. ”ზესტაფონი” - ”ოდიში-1919” (ზუგდიდი) 2-0

"ზესტაფონი": მახათაძე, ვაჭარაძე, ჩიტორელიძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ფოცხვერაშვილი (ბუბულაშვილი, 61), საცერაძე (დვალი, 74), მაკარიძე, ზუზაძე (ვარდოსანიძე, 87), ბ. ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018