22.09.2018
ჩვიდმეტწლამდელები ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ
2018 წლის 22 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა "ვერცხლის ლიგის" მორიგი მატჩი გამართა. მიმდინარე ტურნირის დასავლეთის ჯგუფის მეორე წრის საწყისი, რიგით კი მეათე ტურის შეხვედრაში, რომელიც სოფელ ოჩხამურის სტადიონზე გაიმართა, იმერლები ქობულეთის "შუქურას" ესტუმრნენ.
ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები და დღევანდელ შეხვედრაში მათი მეტოქე ქობულეთელები "ვერცხლის ლიგის" მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში ერთმანეთს ზესტაფონში დაუპირისპირდნენ - ჩვენი კლუბის საფეხბურთო ბაზაზე გამართული მატჩი ჩვენმა ბიჭებმა დიდი ანგარიშით 7-1 მოიგეს, ხოლო "ზესტაფონის" შემტევმა ბესო ფერაძემ იმ შეხვედრაში გექსა-თრიკი (ერთი ფეხბურთელის მიერ ერთ მატჩში გატანილი 6 გოლი) გაიფორმა...
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ის, პირველ წრეში გამართულთან შედარებით, გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი მარგველთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, შესვენებისთვის ეს უპირატესობა გოლებში ასახული არ იქნა და გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა მეორე ტაიმისთვის გადაიდო...
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი ზესტაფონელთათვის წარმატებული გამოდგა - 48-ე წუთზე "ზესტაფონის" ფორვარდმა ნიკა ღვალაძემ დასარტყმელ პოზიციაზე ამ გუნდების მონაწილეობით გამართული წინა მატჩის გმირი ბესო ფერაძე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ქობულეთელთა კარი მიმდინარე სეზონში მეშვიდედ დალაშქრა.
67-ე წუთზე კი ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა - იმერელთა პირველი გოლის ავტორმა ბესო ფერაძემ დროული და გამოზომილი გადაცემით შოთა ფანცულაია მოამარაგა და ამ უკანასკნელსაც გატანა არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
ჩვიდმეტწლამდელთა "ვერცხლის ლიგაში" გამართული 10 ტურის შემდეგ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრაში, რომელიც 29 სექტემბერს გაიმართება, ჩვენი ბიჭები სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლებენ...
|
22.09.2018. U-17. ”შუქურა” (ქობულეთი) - ”ზესტაფონი” 0-2 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, გ. ღონღაძე, ნასრაძე, სვიანაძე, თ. ჭუმბურიძე, თვალაბეიშვილი (ახვლედიანი, 52), სხილაძე, დ. ბებიაშვილი, ფანცულაია, ბ. ფერაძე, ღვალაძე (ჯანიაშვილი, 72).
|
|