19.09.2018
გამარჯვება თანაქალაქელებთან გასვლით შეხვედრაში
მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. დაბა ხარაგაულის მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელთა უპირატესობით წარიმართა. სტუმრები ბურთს და ტერიტორიულ უპირატესობას დამაჯერებლად ფლობდნენ და მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ. საბოლოოდ, შესვენებისთვის ჩვენმა გუნდმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის მოსაგებად მშვენიერი განაცხადი გააკეთა...
ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა - ზაალ ზუზაძის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია. 35-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაიზარდა - კუთხურის ნიშნულიდან მიხეილ ვაჭარაძის კარგ ჩაწოდებას ირაკლი ზარნაძე გამოეხმაურა და ზუსტი თავურით ბურთი "მარგვეთი-2006"-ს ბადეში გაახვია...
მეორე ტაიმში სიტუაციის სათავისოდ შეცვლის შესაძლებლობები ორივე გუნდს მიეცა, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩვენმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დასავლეთის "ზედა ჯგუფის" მიმდინარე გათამაშებაში რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა- 2-0.
|
19.09.2018. ”მარგვეთი-2006” (ზესტაფონი) - ”ზესტაფონი” 0-2 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ჩიტორელიძე, ხუჯაძე, ვაჭარაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ფოცხვერაშვილი, ზარნაძე (ბუბულაშვილი, 71), საცერაძე (ვარდოსანიძე, 86), ზუზაძე, ბ. ბერაძე (ა. დვალი, 77).
|
|