17.09.2018
"ზესტაფონის" ბაზაზე "იუვენტუსის" კემპი დასრულდა
საქართველოში ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო ბანაკი დაიხურა. თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური გრანდის სკოლა 11 სექტემბერს გაიხსნა და 16 სექტემბერს დასრულდა. იტალიური კლუბის კემპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 90 ბავშვი ვარჯიშობდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ გრანდთან საქართველოს პარტნიორობის იდეა ორგანიზაცია "თავისუფალ ფეხბურთს" ეკუთვნოდა, რომელმაც საზაფხულო სკოლის მოწყობა საკუთარ თავზე აიღო და პროექტი წარმატებით განახორციელა. ამასთან, "იუვენტუსის" კემპის მხარდამჭერები თბილისის მერია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყვნენ.
თბილისის ზღვასთან მდებარე “ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზაზე გამართულ "იუვენტუსის" აკადემიის კემპს 3 იტალიელი მწვრთნელი უძღვებოდა: მატეო მერკურის, სორენტინო ფაბიოსა და მარკო პალმიერის ხელმძღვანელობით, ქართველი მოზარდები ტურინელთა სათამაშო ფილოსოფიასა და საწვრთნელ მეთოდიკას გაეცნენ...
* * *
პროექტი "იუვენტუსის" საზაფხულო სკოლების კოორდინატორმა მატეო მერკურიმ შეაფასა:
"თითქმის ყველა ასაკსა და ჯგუფში საინტერესო ბავშვები აღმოვაჩინეთ. მართალია, ახლა იტალიაში მათ წაყვანაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ამ ბავშვების ნიჭიერება გვაფიქრებინებს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.
"თავისუფალ ფეხბურთთან" განხორციელებული ეს პროექტი წარმატებული იყო და იმედია, მომავალშიც ვითანამშრომლებთ. კემპი დასრულდა, ჩვენ კი თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს", - ამბობს მერკური.
|