13.09.2018
პირველი გამარჯვება მეორე ეტაპზე
მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" სასრტარტო მონაკვეთი ზესტაფონელთათვის საკმაოდ მძიმე გამოდგა - საწყის სამ ტურში იმერლებმა მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანებისა და გუნდის წევრთა გაძევებებისაგან შემდგარი "ქარიშხალი" გამოიარეს და დღევანდელ მატჩამდე სატურნირო ცხრილში მათი მონაგარი მხოლოდ ერთ ქულას წარმოადგენდა.
რაც შეეხება ქუთაისელებს, ისინი ზესტაფონს გაძლიერებული შემადგენლობით ეწვივნენ - მიმდინარე სეზონის მანძილზე "ტორპედოს" ძირითად გუნდში არაერთგზის გამოჩენილი შალვა ფურცხვანიძის გარდა, მოედანზე ქუთათურთა ლეგიონერები სურინამელი გლეოფილიო ვლიტერი და ჩინელი იუნგ ჩიანგი გავიდნენ...
ზესტაფონურ-ქუთაისური დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე 16-ე წუთზე მათ ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს - სტუმართა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა ამური საცერაძემ და სტუმართა კიპერს აუღებელი დაურტყა. იქვე კიდევ ერთი გოლის გატანა გიორგი მაკარიძეს შეეძლო, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული არაზუსტი გამოდგა...
42-ე წუთზე ანგარიში ორამდე მაინც გაიზარდა - "ტორპედო-2"-ს საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე კარგად ლევან ჩიტორელიძე გაერკვა და ბურთი მეკარისაგან მარცხენა შორეულ კუთხეში ზუსტად გადაგზავნა. ტაიმის ბოლოს გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ბაჩო ბერაძეც გახლდათ, მაგრამ მის დარტყმულს სტუმართა კიპერი სასწაულებრივ გაუმკლავდა...
მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 57-ე წუთზე მათ ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირებაც მოახერხეს - ზუსტი დარტყმით თავი გაგა ჯაფარიძემ გამოიჩინა. ამის შემდეგ ქუთათურებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ და მასპინძელთა კართან რამდენიმე სახიფათო, თუმცა უშედეგო იერიში განახორციელეს...
დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ კითხვას საბოლოო პასუხი 62-ე წუთზე გაეცა - მასპინძელთა სწრაფი მრავალსვლიანი კომბინაციის გათამაშების შემდეგ, შეტევაში დროულად ჩართულმა ზაალ ზუზაძემ ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი მაკარიძე და ამ უკანასკნელმა ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა...
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და შედეგად, ზესტაფონელებმა ქუთაისელებთან დღევანდელ მატჩში ანგარიშით 3-1 გაიმარჯვეს, საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზე აინაცვლეს...
შემდეგ შეხვედრას კი ზემოიმერლები 19 სექტემბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დაბა ხარაგაულში დაუპირისპირდება...
|
13.09.2018. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო-2” (ქუთაისი) 3-1 |
"ზესტაფონი": მახათაძე, ჩიტორელიძე, ვაჭარაძე (ხუჯაძე, 68), ჭურაძე, ვარდოსანიძე, ნ. გაჩეჩილაძე, მაკარიძე, საცერაძე, დვალი (ბ. ფერაძე, 80), ბუბულაშვილი, ბ. ბერაძე (ზუზაძე, 46).
|
|