12.09.2018
"ლელო" "იუვენტუსის" კემპის გახსნის შესახებ
სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" 11 სექტემბერს გახსნილ საზაფხულო ბანაკზე მოგვითხრობს...
თბილისში ტურინის "იუვენტუსის" კემპი გაიხსნა. თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე პროექტი ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთისა" და იტალიური გრანდის ქართული ფარმკლუბის ორგანიზებით ტარდება.
კემპი 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართველი ბავშვები 5 დღე "იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელთა ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. "იუვენტუსის" კემპის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტეს პროექტის მხარდაჭერა: "თბილისის მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ საქართველოში მსგავსი პროექტები განხორციელდეს. ეს ჩვენი ბავშვების, ჩვენი ფეხბურთის უკეთესი მომავლის წინა პირობა გახდება".
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ფეხბურთის მოყვარული და "ჩელსის" გულშემატკივარია, თუმცა, ცხადია, პრეზენტაციას სხვა მიზნით ესწრებოდა: "პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვები "იუვენტუსის" კემპზე უფასოდ ივარჯიშებდნენ. ფეხბურთი სახალხო თამაშია და თავის გამოვლენის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს".
"მიხარია, რომ საქართველოში ასეთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. სხვათა შორის, არ არის გამორცხული, სამომავლოდ, კემპი სხვა ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში ან ქუთაისში ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, რომელიმე ევროპულ გრანდს საქართველოში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებაზე დავითანხმებთ. ეს ჩვენი მიზანია", - ამბობს ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე.
* * *
იმერული კლუბის თბილისის ზღვის ბაზაზე იტალიური გრანდის კემპის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ქალაქ თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მენეჯერი ირაკლი ლილუაშვილი, სადაზღვეო კომპანია "ალფას" წარმომადგენელი და საფეხბურთო კლუბ " ზესტაფონის" დამფუძნებელი ილია კოკაია დაესწრნენ...
|