10.09.2018
“იუვენტუსის“ კემპი “ზესტაფონის“ თბილისურ ბაზაზე
მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა იტალიური და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს.
როგორც მოგეხსენებათ, სხვა დიდი კლუბების მსგავსად, ტურინის "იუვენტუსიც" მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს დამწყები და ჭაბუკი ფეხბურთელების სელექციას - ძიების ერთ-ერთი ფორმა კი სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. წელს იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში ჩვენი ქვეყანაც მოხვდა...
კემპის მონაწილე 100-მდე ბავშვს, "იუვენტუსის" მწვრთნელების ხელმძღვანელობით, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერადი ვარჯიშები ჩაუტარდებათ. საუკეთესო მონაცემების მქონე რამდენიმე მოზარდი კი ტურინული გრანდის საწვრთნელ ბაზა "ვინოვოზე" ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის...
თბილისის ზღვასთან მდებარე “ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზაზე გასამართ "იუვენტუსის" აკადემიის კემპს 3 იტალიელი მწვრთნელი უთავკაცებს: მატეო მერკურის, სორენტინო ფაბიოსა და მარკო პალმიერის ხელმძღვანელობით, ქართველი მოზარდები ტურინელთა სათამაშო ფილოსოფიასა და საწვრთნელ მეთოდიკას გაეცნობიან...
"იუვენტუსის" ქართული ფან-კლუბის პრეზიდენტის ლევან ბეგლარიშვილის განმარტებით, ბანაკის შექმნის იდეა ორგანიზაცია "თავისუფალ ფეხბურთს" ეკუთვნის". ამ ორგანიზაციას მსგავსი ბანაკების ჩატარების (მილანის "ინტერის" ამასწინანდელი საზაფხულო კემპი) გამოცდილება აქვს. ამჯერადაც საორგანიზაციო საკითხებს "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე და პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე კურირებენ...
"იუვენტუსის" კემპის გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველ დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ - გახსნა თბილისის ზღვასთან მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე, სამშაბათს, 11 სექტემბერს, 11:00 საათზეა დაგეგმილი...
|