Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.09.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ფრედ დასრულებული "თრილერი" მართვილში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მორიგი, რიგით მესამე ტურის მატჩი გამართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სალხინოს" დაუპირისპირდნენ.

 

მატჩი ზესტაფონელთათვის ძალიან კარგად დაიწყო - მიმდინარეობდა მე-6 წუთი, როდესაც სტუმართა კაპიტნის ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებისა და ირაკლი ზარნაძის საჯარიმოში აქტიურობის შედეგად, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა ამური საცერაძემ ბურთი მარტვილელთა კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.

 

17-ე წუთზე იმერულ გუნდს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა - "სალხინოს" მეკარესთან შეჯახების შედეგად ბაჩო ბერაძემ გონი დაკარგა და მოედანი ნაადრევად დატოვა... სტუმრები თამაშის მიმდინარეობას ამის შემდეგაც აკონტროლებდნენ და შეტევით ფაზაში მეტი კონცენტრაცია რომ გამოეჩინათ, ანგარიშში უფრო დაწინაურდებოდნენ კიდეც...

 

პირველი ნახევრის ბოლოს კი ანგარიში გათანაბრდა - 42-ე წუთზე მოედნის ცენტრში ზესტაფონელთა მხრიდან ბურთის დაკარგვას მათი მხრიდან თამაშის წესების დარღვევა მოყვა, რის გამოც დაინიშნა სახიფათო სტანდარტი, რომლიდან ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგაც თეიმურაზ ჩხეტიამ გოლი ზუსტი თავურით გაიტანა.

 

პირველი ტაიმის დებიუტისაგან განსხვავებით, მეორე ნახევრის დასაწყისი სტუმართათვის მძიმე გამოდგა - წითლად ქცეული ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო შეხვედრის 49-ე წუთზე მოედანი ნაადრევად დატოვა ნახევარმცველმა ირაკლი ზარნაძემ და თავის გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა...

 

59-ე წუთზე კი მოედანზე მყოფი გუნდების შემადგენლობებში "სტატუს-ქვო" იქნა აღდგენილი - მარტვილელთა გოლკიპერ თამაზ ჟიშკარიანთან პირისპირ იმერელთა შემტევის აკაკი დვალის გასვლის შემდეგ, კარის დარაჯმა საგოლე შეტევა აკრძალული ხერხით ჩაშალა. ამ ეპიზოდის გამო დანიშნული საჯარიმო დარტყმა კი 60-ე წუთზე გოლად ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია.

 

64-ე წუთზე ანგარიშში სტუმართა უპირატესობა ორბურთიანი გახდა - მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთის ართმევისა და შეტევის მარჯვენა ფლანგზე განვითარებული მარგველთა იერიშისას, გიორგი მაკარიძის მარტვილელთა საჯარიმოში ზუსტად ჩააწოდა და იქ მყოფმა ამური საცერაძემ დუბლი ლამაზი დარტყმით შეარულა.

 

ზემოიმერლები მომენტებს ამის შემდეგაც ქმნიდნენ, თუმცა რამდენიმე კარგი ეპიზოდი გაანიავეს და ამისათვის საბოლოოდ დაისაჯნენ კიდეც. "ვერ გაიტან, გაგიტანენო" და 70-ე წუთზე, სტუმართა დაცვის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ლაშა ჯღამაიამ დღევანდელ დაპირისპირებას ინტრიგა შეუნარჩუნა ...

 

89-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა. "სალხინოს" ერთ-ერთი ბოლო შეტევისას მასპინძელთა შემტევი ზესტაფონელთა საჯარიმოს ხაზთან ახლოს დაეცა და მატჩის არბიტრმა კოტე გიორგაძემ "ზესტაფონის" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ისევ ლაშა ჯღამაიამ აქცია და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა - 3-3.

 

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მიმდინარე ტურნირის დაწყებიდან ჩატარებულ სამივე ტურში ჩვენი გუნდის კარში პენალტი ინიშნება. რაც შეეხება დღევანდელ ძალიან საინტერესო მატჩში გატანილ გოლებსა და იმერელთა კარის მიმართულებით დანიშნულ 11-მეტრიანს, ყველა ამ ეპიზოდის ხილვა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ქვემოთ მოყვანილ ვიდეომიმოხილვაში შეუძლია...

 

* * *

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 სექტემბერს გამართავს - რეგიონლიგის გათამაშების მორიგ შეხვედრაში ზეომიმერლები ქუთაისის "ტორპედო-2"-ს უმასპინძლებენ.

 

07.09.2018. ”სალხინო” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 3-3

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ფოცხვერაშვილი, ვაჭარაძე, გ. სამხარაძე, ნ. გაჩეჩილაძე, ზარნაძე, მაკარიძე (აბჟანდაძე, 90), საცერაძე (ბ. ფერაძე, 75), ა. დვალი, ბ. ბერაძე (ბუბულაშვილი, 17).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018