Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

დასანანი საშინაო მარცხი

 

 

 

 

 

29 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპის მეორე ტურის მატჩი გამართა. ჩვენი კლუბის იმერეთში მდებარე ბაზაზე გამართულ რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" შეხვედრაში მარგველებს სენაკის საფეხბურთო კლუბი "ეგრისი" ესტუმრა.

 

სენაკური კლუბი, რომლის რიგებშიც ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ნათამაშები არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობს, რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ზესტაფონელთა წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "ეგრისის" რიგებში ირაკლი ქობალიამ, საბა და შოთა ლომიებმა, თამაზ ჟიშკარიანმა, ნიკა ჯალაღონიამ და კიდევ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ითამაშა...

 

მრავალნაცად მეტოქესთან დაპირისპირების მიუხედავად, მასპინძლებმა თამაში უშიშრად დაიწყეს და მატჩის დებიუტშივე გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ირაკლი ქობალიას დარტყმულს მასპინძელთა გოლკიპერი გია მახათაძე გაუმკლავდა, ხოლო სტუმართა კართან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ბურთმა მეკარის ბაქანზე დიდხანს იტრიალა, მაგრამ შედეგიანი დარტყმის განხორციელება ზესტაფონელებმა ვერ მოახერხეს...

 

თანდათანობით მასპინძელთა უკეთესი ფიზიკური კონდიციები გამოიკვეთა და ტაიმის ბოლომდე "ეგრისის" კართან კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა - ჯერ აკაკი დვალის თავური სულ მცირე მანძილით ასცდა სტუმართა კარს, შემდეგ ბაჩო ბერაძის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა, ხოლო მეკარე ჯალაღონიასთან პირისპირ გასული ამური საცერაძეს სენაკელთა კიპერმა აჯობა. ტაიმის ბოლომდე გატანის შანსი სტუმრებსაც მიეცა, მაგრამ თავის მომენტი ვერც ირაკლი ქობალიამ გამოიყენა.

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა თამაშის სცენარი მალევე მკვეთრად შეცვალა მატჩის არბიტრ ტარიელ რუხაიას ძალიან საკამათო გადაწყვეტილებამ - მარცხენა ფლანგიდან განვითარებული სტუმართა კონტრშეტევისას, სენაკელი ირაკლი ქობალიას და ზესტაფონელი შოთა ვარდოსანიძის ორთაბრძოლის ეპიზოდში მსაჯმა "ზესტაფონის" მცველის ქმედება "უკანასკნელი იმედის ჯარიმად" შეაფასა და ის მინდვრიდან გააძევა...

 

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, ბურთს ისევ მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა კარის სიახლოვეს ხიფათის შექმნასაც ცდილობდნენ. 58-ე წუთზე კი "ეგრისის" მორიგი შეტევითი აქციისას ტარიელ რუხაიამ მასპინძელთა კარში დანიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად ირაკლი ქობალიამ მშვიდად აქცია.

 

იმერლებმა საპასუხოდ სტუმართა კართან შტურმი მოაწყვეს და "ეგრისის" მეკარესთან პირისპირ გასულ ამური საცერაძეს ანგარიში უნდა გაეთანაბრებინა, მაგრამ დარტყმა დაუგვიანდა და ჯალაღონიამ ისევ გადაარჩინა "ეგრისი", დამატებაზე მოთამაშე ბაჩო ბერაძის მახვილგონივრული დარტყმის მცდელობა კი არაზუსტი გამოდგა.

 

68-ე წუთზე "ეგრისის" უპირატესობა ორბურთიანი გახდა - სენაკელთა მორიგი კონტრშეტევისას ზესტაფონელთა კარის სიახლოვეს დასარტყმელ პოზიციაზე ისევ ირაკლი ქობალიამ აღმოჩნდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში მასპინძლებს გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი მიეცათ, თუმცა ამ ეპიზოდების გამოყენება ვერ მოხერხდა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

 

29.08.2018. ”ზესტაფონი” - ”ეგრისი” (სენაკი) 0-2

"ზესტაფონი": მახათაძე, ვარდოსანიძე, ჩიტორელიძე (აბჟანდაძე, 73), ფოცხვერაშვილი, ვაჭარაძე (გ. სამხარაძე, 69), ნ. გაჩეჩილაძე, ზარნაძე, მაკარიძე, საცერაძე (ზუზაძე, 65), ა. დვალი, ბ. ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018