Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.08.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკებმა წყალტუბოელებს უმასპინძლეს

 

 

 

 

 

2018 წლის 26 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. პირველობის მეცხრე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

დღევანდელ მატჩამდე ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები, საჩხერის "ჩიხურასა" და თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" კოლექტივებთან ერთად, "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის სატურნირო ცხრილის პირველ-მესამე პოზიციებს იყოფდნენ და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად იმერლებს დღევანდელ შეხვედრაში ქულების მოპოვება აუცილებლად ჭირდებოდათ...

 

უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა წინაშე არსებული ამოცანის შესრულებას ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა იძულებითი ხასიათის უქმობის ფაქტი ართულებდა - ბესო ფერაძის და სულხან სვიანაძის მიერ წინა მატჩების მსვლელობისას "გამომუშავებულ" დისკვალიფიკაციას გიორგი ღონღაძის და ლუკა გურულის ტრავმები დაემატა...

 

მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - მას შემდეგ, რაც ზესტაფონელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა გააცუდეს, 21-ე წუთზე გურამ ვარდანიძის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ წინ წყალტუბოელები გავიდნენ. ტაიმიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 0-1 დასრულდა...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე თამაში გაიხსნა... მარგველები ძალიან აქტიურობდნენ - ისინი გამალებით უტევდნენ "სამგურალის" კარს და მალევე ნიკა ჭანტურიძეს ანგარიში საყაიმო უნდა გაეხადა, მაგრამ მისი დარტყმა სტუმართა გოლკიპერმა მოიგერია. ამის შემდეგ გოლის გატანასთან ახლოს ერთმანეთის მიყოლებით დათო ბებიაშვილი, ფრიდონ ჯანიაშვილი და შოთა ფანცულაია იყვნენ, თუმცა მათაც უმტყუნა სიზუსტემ...

 

სტუმრები მასპინძელთა შეტევებს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და "ზესტაფონის" დაცვა და გოლკიპერი სამუშაოს დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიდნენ. ამის მიუხედავად, მატჩის ბედის გადაწყვეტასთან ყველაზე ახლოს მაინც მასპინძლები იყვნენ - თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნიკა ღვალაძემ ორიოდე მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული წყალტუბოელთა ცარიელ კარს ზემოდან გადასცდა... "სამგურალის" გამარჯვება ანგარიშით - 1-0.

 

 

26.08.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”სამგურალი” (წყალტუბო) 0-1

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ჭუმბურიძე, ნასრაძე, ფანცულაია, ახვლედიანი, დ. ბებიაშვილი, თვალაბეიშვილი, სხილაძე, ჯანიაშვილი (ფანჩულიძე, 61), ღვალაძე, ჭანტურიძე.

 

 

* * *

 

დღესვე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე წყალტუბოელ თანატოლებს ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა კოლექტივმაც უმასპინძლა. როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა ეს გუნდი ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ხოლო U15 მიმდინარე ტურნირში მონაწილეობის უფლება 2003 წელს დაბადენულებსაც აქვთ...

 

"სამგურალთან" მატჩი მასპინძელთა საგრძნობი სათამაშო უპირატესობნით მიმდინარეობდა და თამაშის მსვლელობისას მარგველებს რამდენიმეჯერ მართებდათ ბურთის წყალტუბოელ თანატოლთა კარის ბადეში გადაგზავნა. თავის მხრივ, თავის მომენტები ვერც სტუმრებმა გამოიყენეს და მატჩიც უგოლოდ 0-0 დასრულდა...

 

 

26.08.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”სამგურალი” (წყალტუბო) 0-0

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე (არაბიძე, 36), დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, გურული, ა. ცხადაძე, ნ. ჭუმბურიძე, ფანჩულიძე (თაბუკააშვილი, 36), ანდრიაძე (ლ. ბებიაშვილი, 45), დ. ტაბატაძე (ბუხრაშვილი, 29), ნ. ცხადაძე (მაისურაძე, 50), ებიერიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018