Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.08.2018

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ეტაპის წარუმატებელი სტარტი

 

 

 

 

 

2018 წლის 22 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩი გამართა - არჩილ ფარტენაძის სახელობის ქედის სტადიონზე გამართულ რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" პირველი ტურის შეხვედრაში მარგველები ბათუმის საფეხბურთო კლუბ "მეტას" დაუპირისპირდნენ.

 

სტუმრებმა თავიდანვე იგდეს ხელთ ინიციატივა და უკვე მე-6 წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს - მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომების სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან ნოდარ გაჩეჩილაძემ ბურთი ბათუმელთა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას ბაჩო ბერაძემ დაასწრო და მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა "მეტას" კარის ხაზი გადაკვეთა...

 

ამას მასპინძელთა გააქტიურება მოყვა, ისინი თამაშის სცენარის სათავისოდ შემოტრიალებას შეეცადნენ. მაგრამ სტუმრები "მეტას" მცდელობებს მარტივად უმკლავდებოდნენ და ბათუმელთა კართან სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ - აკაკი დვალის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ მასპინძელთა მცველებმა ბურთს კარის ხაზიდან მოგერიება მოახერხეს, ლაშა ბუბულაშვილის შორეული დარტყმა კი ხარიხამ უკუაგდო...

 

თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა - ბურთს ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა იმერელთა კართან განსაკუთრებულ ხიფათს ვერ ქმნიდნენ. ასეთი თამაშის ფონზე "მეტამ" თამაშის შემოტრიალების შანსი მოულოდნელად მიიღო - 63-ე წუთზე მეტად საეჭვო ვითარებაში "ზესტაფონის"კარში დაინიშნა პენალტი (მატჩის არბიტრმა დავით სანოძემ წესის დარღვევა ხელით თამაშის გამო დააფიქსირა, არადა ბურთი იმერელთა მცველ შოთა ვარდოსანიძეს სახეში მოხვდა), რომელიც გოლად ბათუმელმა შიო ბაბუნაშვილმა აქცია.

 

ამის შემდეგ თამაში შედარებით გაიხსნა და ორივე გუნდმა მეტოქის კართან ზედიზედ რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელა. ერთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას სტუმრებიც ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრს "მეტას" მცველის მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის ეპიზოდში წესის დარღვევა არ დაუფიქსირებია. ბოლოს კი იღბალმა მასპინძლებს გაუღიმა და 82-ე წუთზე ზურაბ ქვარცხავამ თავის გუნდი დააწინაურა. ზესტაფონელთა დაგვიანებულმა შტურმმა შედეგი ვეღარ გამოიღო - დასანანი მარცხი ანგარიშით 2-1.

 

 

22.08.2018. ”მეტა” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 2-1

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე (ვაჭარაძე, 25), ჩიტორელიძე, ფოცხვერაშვილი, ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი (გ. სამხარაძე, 90), ზარნაძე, ნ. გაჩეჩილაძე, დვალი, ზუზაძე (საცერაძე, 69), ბ. ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018