17.08.2018
მარგველთა სპარინგი რაჭველებთან
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის გადამწყვეტი, საშემოდგომო ეტაპის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. 17 აგვისტოს ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - მარგველთა მეტოქე ამბროლაურის ”რაჭა” გახლდათ.
როგორც მოგეხსენებათ, უკვე შემდეგ კვირაში (კერძოდ, 22 აგვისტოს) საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრას გამართავს. შესაბამისად, იმერელთა დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ რაჭველებთან დღევანდელ სპარინგში მოედანზე სწორედ ის ფეხბურთელები გაიყვანა, რომელთა გამოყენებასაც ოფიციალურ შეხვედრებშიც აპირებს.
რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, ის ზესტაფონელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 9-0 დასრულდა. იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ამური საცერაძემ (3), ირაკლი ზარნაძემ (2), ლევან ჩიტორელიძემ, აკაკი დვალმა, ბაჩო ბერაძემ და ზაალ ზუზაძემ გამოიჩინეს.
2018 წლის სეზონის მეორე ეტაპი ზესტაფონელთათვის 22 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" ქედას ესტუმრება, სადაც ბათუმის საფეხბურთო კლუბ "მეტას" დაუპირისპირდება (მატჩი 17:00 საათზე დაიწყება). ზესტაფონში 29 აგვისტოს გასამართ მეორე ტურის შეხვედრაში კი ჩვენი გუნდი სენაკის "ეგრისს" უმასპინძლებს...
|